ოპოზიციის კვოტით სოზარ სუბარი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

„ხალხის ძალის“ ლიდერი სოზარ სუბარი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ვიცე-სპიკერის ერთი თანამდებობა ოპოზიციას ეკუთვნის – სწორედ ეს ადგილი დაიკავა მან.
დადგენილებას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. სხდომას არ ესწრებოდა არცერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია. ისინი არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ.
რამდენიმე საათის წინ „ხალხის ძალა“ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი იყო, თუმცა მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა თქვა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ „ჯანსაღ ოპოზიციაში“ გადადის. „ხალხის ძალამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სიით იყარა კენჭი.
იმის მიუხედავად, რომ „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ ოპოზიციას უწოდებს თავს, ხვალ, 14 დეკემბერს, საარჩევნო კოლეგია პრეზიდენტის პოსტზე ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას უყრის კენჭს. ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 27 ნოემბერს წარადგინა.
მოძრაობა „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ ოთხმა ყოფილმა დეპუტატმა: სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და გურამ მაჭარაშვილმა 2022 წლის აგვისტოში დააფუძნეს. მათი გაცხადებული მიზანი იყო „საზოგადოების სიმართლით აღჭურვა“, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში გამოირჩეოდნენ ანტიდასავლური რიტორიკით, მათ შორის თავს ესხმოდნენ აშშ-ის ელჩს.
მოძრაობამ 2022 წლის 26 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ ქვეყნის მთავარი პარტნიორის – აშშ-ის – საელჩო საქართველოს „ხელისუფლების გადასატრიალებლად ყველაფერს იკადრებს“.
2023 წელს „ხალხის ძალის“ ინიციირებული იყო „აგენტების კანონი“, რომელმაც ათასობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში და, როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, ქვეყანა დააშორა ევროინტეგრაციას.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს