ოპოზიცია გინტურისა და კარბაიას მკვლელობის საქმეებზე ერთობლივი რეზოლუციის მიღების ინიციატივით გამოდის

ოპოზიცია დროებით ოკუპირებულ გალში “მილიცილების” მიერ თემურ (ვიტალი) კარბაიას მკვლელობის საქმეზე რეზოლუციის მიღების ინიციატივით გამოდის. ინიციატივა პოლიტიკურ გაერთიანება “ევროოპტიმისტებს” ეკუთვნით.
როგორც ხატია დეკანოიძე ამბობს, პარლამენტმა კარბაიასთან დაკავშირებული რეზოლუცია იმ პროექტთან ერთად უნდა მიიღოს, რომელიც სოფელ კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას ეხება. ცნობილია, რომ მას მხარს სხვა ოპოზიციური პარტიებიც დაუჭერენ.
“ჩვენი მოქალაქეების დაცვა ოკუპაციის შედეგისგან არის საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის ვალდებულება. რეზოლუციაც ერთ-ერთი მექანიზმია ამ დაცვის უზრუნველყოფის, ისევე, როგორც პოლიტიკური პასუხისმგებლობის რუსეთზე დაკისრების. სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” ამ დრომდე უარს ამბობს განიხილოს როგორც თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებული ჩვენ მიერ ინიცირებული რეზოლუცია, ასევე ოჩამჩირის პორტში ს სამხედრო ბაზის განთავსების გადაწყვეტილებაზე რეზოლუცია. მე ვფიქრობ, რომ განგრძობითად, როდესაც ჩვენ დღის წესრიგში დავაყენებთ ამ საკითხებს მას მაინც ექნება შედეგი და, რა თქმა უნდა, მე მხარს დავუჭერ,” – ამბობს “რეფორმების ჯგუფის” წევრი, თეონა აქუბარდია.
შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს ოკუპირებულ გალში საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის სამმა თანამშრომელმა ჩხრეკის მიზნით გააჩერა და სასტიკად სცემა საქართველოს მოქალაქეს, თემურ (ვიტალი) კირბაიას. მას, სავარაუდოდ, ფიზიკურად გაუსწორდნენ “დროებითი მოთავსების იზოლატორშიც,” რადგან მიყენებული დაზიანებების გამო, კარბაია საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.
ლომისას სალოცავში სანთლის დასანთებად მისული თამაზ გინტური კი რუსმა ოკუპანტებმა 6 ნოემბერს მოკლეს. მასთან ერთად მყოფი ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.