ომბუდსმენი: დაკავებულთა 64% მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, 44%-ს ხილული დაზიანებები ჰქონდა

სახალხო დამცველის აპარატი სტატისტიკას აქვეყნებს პროევროპულ დემონსტრაციებზე დაკავებულ ადამიანებთან დაკავშირებით.
ომბუდსმენის ფეისბუკის გვერდის ცნობით, 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში მოინახულეს 352 ადამიანი.
მათგან, ომბუდსმენის ცნობითვე:
· არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 226 ადამიანი – 64%;
· ხოლო 157 ადამიანს აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები – 44%-ს.
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პოლიციის მხრიდან ძალადობაზე წინა კვირას გამოიყენა ტერმინი „წამება“ და განაცხადა:
„[დემონსტრანტებს] მძიმე დაზიანებები, უმრავლეს შემთხვევაში, სახის, თვალის და თავის მიდამოში აქვთ მიღებული, რაც იმთავითვე პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობასაც კი, რომ პოლიცია, ყველა ჯერზე, მათ მიმართ საჭირო, პროპორციულ ძალას იყენებდა. დაზიანებების ლოკაცია, ხასიათი, ხარისხი სარწმუნო წარმოდგენას ქმნის იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს. დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს“.
საპროტესტო დემონსტრაციები მე-14 დღეა, გრძელდება.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის ოთხასამდე მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა. 30-ზე მეტი ადამიანი დაკავებულია სისხლის სამართლის წესით.
მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს