ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროქსელისა და მცირე ჰიდროელექტროსადგურების აღდგენას 155,2 მლნ დოლარი სჭირდება

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროქსელისა და მცირე ჰიდროელექტროსადგურების აღდგენას 155,2 მლნ დოლარი სჭირდება

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროქსელისა და მცირე ჰიდროელექტროსადგურების აღდგენის ხარჯები 155,2 მლნ დოლარს (16 მლრდ რუბლი) შეადგენს. ამის შესახებ დე-ფაქტო ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა ჯანსუხ ნანბამ „საზოგადოებრივი პალატის“ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ახლა რესპუბლიკის ელექტრო ქსელი ავარიულია, ტექნიკური დანაკარგები 30%-ს აღწევს“.
კითხვაზე, როგორ გადაწყდება მომავალში მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხი, ნანბამ უპასუხა, რომ განიხილება რეგიონის გაზიფიცირების შესაძლებლობა.
როგორც მან აღნიშნა, ელექტროქსელის აღსადგენად 58,2 მლნ დოლარი (6 მლრდ რუბლი), საბჭოთა კავშირის პერიოდში მომუშავე 3 ჰიდროელექტროსადგურის აღდგენას კი 97 მლნ დოლარი (10 მლრდ რუბლი) დასჭირდება.
ცნობისთვის: 11 დეკემბერს, თბილისის დროით 4 საათისთვის აფხაზეთის მომარაგების ერთადერთმა სადგურმა, „ენგურჰესმა“ წყლის კრიტიკული დონის შედეგად მუშაობა შეაჩერა და ოკუპირებული რეგიონის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგია გაითიშა. მანამდე დე ფაქტო პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი, ვალერი ბგანბა აცხადებდა, რომ ენგურჰესის კაშხალში წყალი ავარიულ დონეზე იყო, რადგან შედინება დაბალია და წამში მხოლოდ 40 კუბური მეტრს შეადგენდა, ამიტომ ენგურჰესი შესაძლოა, ნებისმიერ დროს გაჩერებულიყო. „ჩერნომორენერგოს“ 5 დეკემბრის მონაცემებით, კაშხალში წყალი ზღვის დონიდან 410 მეტრზე ნაკლები იყო, რაც კრიტიკულზე დაბალი დონეა.
წყარო: bpn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.