ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან, იანვარში დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლეს

ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ცნობით, მათ პირველ აპრილს ქართულ მხარეს გადასცეს თბილისის მცხოვრები ალექსი ადეიშვილი, რომელიც საჯელს ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით იხდიდა.
“2024 წლის 10 იანვარს სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ორგანოს თანამშრომლებმა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 1967 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები ალექსი ადეიშვილი. დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა თევზაობის მიზნით განზრახ გადაკვეთა სამხრეთ ოსეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ლენინგორის რაიონის სოფელ ახმაჯის მიდამოებში“, – ნათქვამია დე ფაქტო კაგებეს პრესსამსახურის განცხადებაში.
მათივე ცნობით, 2024 წლის 27 თებერვალს ახალგორის რაიონულმა სასამართლომ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით“.
ადეიშვილის გათავისუფლება დაადასტურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. უწყების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ალექსი ადეიშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
“ალექსი ადეიშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებული იქნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე”, – ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად. ამჟამად, ცხინვალის ციხეში, უკანონო პატიმრობაში საქართველოს 5 მოქალაქე რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე – 2012 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ქართული მხარისთვის კაპიტულაციის აქტი იყო – მანამდე საოკუპაციო ძალები 125 სოფელზე კონტროლს ვერ ახორციელებდა და 12 აგვისტოდან 125 დასახლებაზე მათი კონტროლი გაფორმდა!

მიხეილ ყაველაშვილი – ისტორია გვასწავლის, რომ დიდი გამარჯვების მისაღწევად, აუცილებელია სტრატეგიული მოთმინება, მომავლის ურყევი რწმენა და მუდმივი მზადყოფნა – სიბრძნე და სიფხიზლე, ეს უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი