ოთარ შამუგია – ქვეყანაში უზრუნველყოფილია გარემო, რომ განხორციელდეს ინვესტიციები და მთავრობა ამას მაქსიმალურად უწყობს ხელს, თუმცა როცა ვხედავთ ვალდებულებების შეუსრულებლობას, პროცესს წლები ვერ დაველოდებით

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიის გაუქმების საკითხზე შესაბამისი გადაწყვეტილება სამართლებრივი პროცესის შემდეგ მიიღო.
მინისტრმა ჟურნალისტებთან შემდგომ პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაჭაში, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს დაცული ტერიტორიების შექმნაზე მუშაობა, რაშიც ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება.
მინისტრმა პროტესტის მონაწილეებს მოუწოდა ჩაერთონ პროცესში, ითანამშრომლონ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, რომ მიღებული გადაწყვეტილება მოემსახუროს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს და, რა თქმა უნდა, რეგიონის უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვას.
,,გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ლიცენზია ძალადაკარგულად გამოაცხადა, რასაც წინ უძღოდა მთელი რიგი სამართლებრივი პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ მაისის თვიდან დაიწყო. გადაწყვეტილებას ასევე წინ უძღოდა ზეპირი მოსმენა, სადაც ჩართული იყო ყველა მხარე: ადგილობრივი ხელისუფლება, სატყეო სამსახური, დაცული ტერიტორიების სააგენტო, რა თქმა უნდა, ლიცენზიანტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ამ შეხვედრას. არსებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია წარმოდგენილი იყო ყველა მონაწილეს მხრიდან. წელიწადსა და რვა თვეზე მეტია გასული აღნიშნული ლიცენზიის გაცემიდან და არანაირი მნიშვნელოვანი აქტივობა ლიცენზიანტის მხრიდან განხორციელებული არ არის. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება. ქვეყანაში უზრუნველყოფილია გარემო, რომ განხორციელდეს ინვესტიციები და მთავრობა ამას მაქსიმალურად უწყობს ხელს, თუმცა როდესაც ვხედავთ ვალდებულებების შეუსრულებლობას, პროცესს წლები ვერ დაველოდებით და შესაბამის გადაწყვეტილებას ვიღებთ“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარტა კოსი – პიტერ მადიარის განცხადება უნგრეთსა და უკრაინას შორის უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ შეთანხმების მიღწევის შესახებ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესისკენ გზას ხსნის

ჯო უილსონი – „ქართული ოცნების“ რეჟიმი ხელს უწყობს ირანისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის უკანონო ქმედებებს – მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი არაკეთილსინდისიერი სახელმწიფოსგან ქცევის შეცვლას მოითხოვს