ოდესაზე 2 მარტს დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
ოდესაში, უახლესი მონაცემებით, 2 მარტს დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა.
მაშველებმა ნანგრევების გაწმენდისას კიდევ ორი ბავშვის, 10 წლის ბიჭის და 8 წლის გოგონას ცხედრები იპოვეს. ამის შესახებ ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ კიპერმა განაცხადა.
უკრაინის საგანგებო ვითარებათა სახელმწიფო სამსახურმა 3 მარტს განაცხადა, რომ ოდესაში მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობის ნანგრევების ქვეშ მინიმუმ 4 ადამიანი შეიძლება დარჩა. დეპარტამენტმა ასევე აღნიშნა, რომ კვირას სამმა ადამიანმა დაურეკა სამსახურს და შეატყობინა, რომ ისინი ცოცხლები იყვნენ - მათი გვარები მსხვერპლთა სიაში შეიძლებოდა მოხვედრილიყო.
სამძებრო ოპერაცია ოდესაში ერთ დღეზე მეტია გრძელდება მას შემდეგ, რაც 2 მარტს რუსული დრონებით იერიშის შედეგად ცხრასართულიანი შენობის შესასვლელი განადგურდა. მანამდე 10 გარდაცვლილზე, მათ შორის, სამი ბავშვის შესახებ იტყობინებოდნენ.ბოლო მონაცემებით, ხუთი ბავშვია დაღუპული.
ოდესაში 3 მარტი გლოვის დღე იყო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.