ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნოდარ მელაძე ცესკოს თავმჯდომარეს ჟურნალისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებს

ნოდარ მელაძე ცესკოს თავმჯდომარეს ჟურნალისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებს

ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ჟურნალისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
მელაძე აცხადებს, რომ გიორგი კალანდარიშვილი ზეწოლას ახდენს შაბათის ეთერის გუნდზე და მუქარით აიძულებს შეწყვიტოს ცესკოს საქმიანობის შესახებ მასალის მომზადება.
ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ დღეს, 12 სექტემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბრალი დასდო TV “პირველის” ჟურნალისტების, ცესკოს თანამშრომლების პერსონალური მონაცემების სავარაუდო უკანონო დამუშავებაში.
ამასთან დაკავშირებით, მელაძე აცხადებს, რომ ჟურნალისტის მიერ რესპონდენტის ტელეფონის ნომრის გაგება, მისთვის კითხვების დასასმელად და ფაქტების გადასამოწმებლად, პერსონალური მონაცემის უკანონოდ დამუშავება არ არის:
„ეს არის ტყუილი! თუ ჟურნალისტი გაიგებს ტელეფონის ნომერს ან მისამართს, რომ დასვას კითხვები და გადაამოწმოს ფაქტები, რომელიც ეხება კონკრეტულ მასალას, რატომ არის ეს პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავება. იცით რა იგულისხმა ცესკოს შეფმა? საიდან გაიგეს მისამართებიო?” — ამბობს ნოდარ მელაძე.
მელაძის თქმით, საგამოძიებო ტელეპროექტის ჟურნალისტები, რეალურ მუქარად აღიქვამენ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას, რომ უწყება გადახედავს მედიასაშუალებებთან თანამშრომლობას:
„ჩვენ მოვითხოვთ ამ ჩანაწერის მკაფიო განმარტებას, რას ნიშნავს თანამშრომლობის გადახედვა? ანუ აკრედიტაციის შეჩერებას? არჩევნების პროცესში ცესკოში და საარჩევნო უბნებზე აღარ შეგვიშვებენ რომ არჩევნები აღარ გავაშუქოთ, თუ ქართული ოცნების მსგავსად ბოიკოტის რეჟიმში გადავლენ და კრიტიკული მედიის კითხვებს აღარ უპასუხებენ“ — განაცხადა ნოდარ მელაძემ.
მელაძის თქმით, დიდი რისკია „ერთი პარტიის ლეგიტიმაციით თანამდებობაზე არჩეულმა გიორგი კალანდარიშვილმა მედიაზე ანგარიშსწორებისთვის გამოიყენოს ამავე პარტიის კონტროლის ქვეშ მყოფი სასამართლოს კლანი ჟურნალისტების დასასჯელად“. შესაბამისად, ტელეკომპანია პირველის ახალი ამბების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ განცხადება რეალურ მუქარად აღიქმება:
„მუქარის, დაშინების მცდელობის და შანტაჟის ნაცვლად მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას და მათ თანამშრომლებს, უპასუხონ კითხვებს, რომელიც კონკრეტული მასალის მზადებას პროცესში მედიას აქვს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზეწოლა ახდენს შაბათის ეთერის გუნდზე და მუქარით აიძულებს შეწყვიტოს ცესკოს საქმიანობის შესახებ მასალის მომზადება“ — თქვა მელაძემ.
დღეს, 12 სექტემბერს ცესკოში ბრიფინგი გაიმართა და განაცხადა, რომ ნებისმიერი მედიასაშუალების მხრიდან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისას, კანონისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, იძულებულნი გახდებიან, გადახედონ თანამშრომლობის საკითხს:
„საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის და მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგო დამუშავებისა და გამოყენების მცდელობა გრძელდება. ამჯერად საუბარია ტელეკომპანია „პირველის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა შესახებ პერსონალური ინფორმაციის სავარაუდოდ უკანონოს დამუშავების მცდელობაზე.
ხსენებული მედია საშუალების წარმომადგენლების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების თუ მათი ოჯახის წევრების მიმართ დასმული კითხვების შინაარსი და ფორმა, შეუძლებელია ემსახურებოდეს რაიმე საჯარო ინტერესს, გარდა იმისა, რომ განხორციელდეს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მმართველ პარტიასთან დაკავშირების მცდელობა, მიკერძოებულად მათი საქმიანობის წარმოჩენა მათი ნათესავების სხვადასხვა უწყებებში საქმიანობის ან შესაძლო საქმიანობის გამო და ამით დაზიანდეს საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაცია, რაც თავის მხრივ ხელს შეუშლის არჩევნების მოდერნიზების მნიშვნელოვან პროცესს და დააზიანებს საარჩევნო გარემოს” — განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, ნათესაური კავშირები და არც ოჯახის წევრების ან ნათესავების საქმიანობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, კანონით არ შეიძლება იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის არცერთი თანამშრომლის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმი.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.