ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნინო წილოსანი პაველ ჰერჩინსკიზე - პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ არის აღნიშნული დიპლომატი

ნინო წილოსანი პაველ ჰერჩინსკიზე - პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ არის აღნიშნული დიპლომატი

ის ზეწოლა, რაც რიგი ევროპელი პოლიტიკოსებისგან მომდინარეობს პაველ ჰერჩინსკის მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ის საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა, გვაფიქრებინებს და წარმოდგენას გვიქმნის, თუ რამხელა პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ არის აღნიშნული დიპლომატი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროკავშირის ელჩის შეხვედრასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, „სამწუხაროა, თუ რად გადაიქცა რიგ შემთხვევაში დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები, როდესაც დიპლომატს ასირცხვილებენ იმიტომ, რომ მან თავისი უფლებამოსილება კანონიერად შეასრულა“.
„თუ გავიხსენებთ ყველა მის [პაველ ჰერჩინსკის] წინა განცხადებას, ალბათ, დავინახავთ, როგორი პოლიტიკური გავლენების და წნეხის ქვეშ იყო ის განცხადებები გაკეთებული. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ დიახაც, ნებისმიერი ქვეყნის დიპლომატი, რომელსაც აქვს ჩვენს ქვეყანაში დიპლომატიური საქმიანობა და ემსახურება ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავებას, ნამდვილად უნდა იქცეოდეს ისე, როგორც ამ შემთხვევაში პაველ ჰერჩინსკი მოიქცა. უნდა ხვდებოდეს როგორც მაკა ბოჭორიშვილს თუ ნებისმიერ სხვა ოფიციალურ პირს. სამწუხაროა, თუ რად გადაიქცა რიგ შემთხვევაში დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები, როდესაც დიპლომატს ასირცხვილებენ იმიტომ, რომ მან თავისი უფლებამოსილება კანონიერად შეასრულა“, - განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი „შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.