ნიკოლ ფაშინიანი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ენტონი ბლინკენი სამმხრივი თანამშრომლობის გზებს განიხილავენ
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 5 აპრილს ბრიუსელში შეხვედრას გამართავენ და სამმხრივი თანამშრომლობის გზებს განიხილავენ, - ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანზე, არმენ გრიგორიანზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მიმდინარე წლის 5 აპრილს ბრიუსელში დაგეგმილია შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის, რათა განიხილონ სამმხრივი თანამშრომლობის გზები, რომლებიც ხელს შეუწყობს სომხეთის განვითარებას. ღონისძიება ასევე მიზნად ისახავს სომხეთის მდგრადობის გაზრდას“, - ციტირებს მედია არმენ გრიგორიანს.
მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ უფრო დეტალურად საუბარი უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი.
ცნობისთვის, 2023 წლის 5 ოქტომბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გრანადაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სომხეთის მხარდასაჭერად ევროკავშირი-აშშ-ის ერთობლივი ღონისძიება მზადდებოდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.