ნიკოლას მადურო - ვენესუელა აშშ-სთან პირდაპირ მოლაპარაკებებს განაახლებს
ვენესუელა აშშ-სთან პირდაპირ მოლაპარაკებებს განაახლებს, - ამის შესახებ ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა.
ნიკოლას მადუროს განცხადებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში მან აშშ-ის მთავრობისგან მოლაპარაკებებისა და პირდაპირი დიალოგის განახლების შესახებ წინადადება მიიღო.
„ორთვიანი განხილვის შემდეგ, მე მას დავთანხმდი და მომავალ ოთხშაბათს აშშ-ის მთავრობასთან მოლაპარაკებები განახლდება, რათა კატარში ხელმოწერილი შეთანხმებების განხორციელება და სასწრაფო დიალოგის პირობების აღდგენა მოხდეს“, - განაცხადა ვენესუელის პრეზიდენტმა.
მადურომ აღნიშნა, რომ ვაშინგტონში მოლაპარაკებებისთვის ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, ხორხე როდრიგესი გაემგზავრება.
შეგახსენებთ, 2023 წლის ბოლოს, კატარის შუამავლობით, აშშ-მა და ვენესუელამ პატიმრების გაცვლის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.