ნიკა მელია პარტიის დაფუძნებას გეგმავს

მ, რომელმაც ბრიფინგზე ენმ-ში საქმიანობა შეაჯამა და თქვა რომ “წინ, მომავალში მიდის”, პარტიის დაფუძნება დააანონსა. ტელეკომპანია “მთავარ არხთან” ინტერვიუში მელიამ განაცხადა, რომ ეს იქნება “ყველაზე მართალი პარტია”.
“რაც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ყველაზე მართალი პოლიტიკური პარტია, რომელზეც უნდა დაშენდეს კვალიფიკაციაც, ცოდნაც, ხედვაც, იქნება ის პარტია, რომელიც ფუძნდება. დაფუძნდება ძალიან მალე, გონივრულ ვადაში. ჩვენ ხვალიდან დავიწყებთ ამ საკითხზე მუშაობას, შესაბამის პერიოდში დაფუძნდება… უამრავი ადამიანია დღეს არჩევანის გარეშე”, – თქვა მელიამ.
7 დეკემბერს საკუთარ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიამ მადლობა გადაუხადა “ასიათასობით მხარდამჭერს” და თქვა, რომ მათთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას.
“მივდივარ თუ არა? დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ, წარსულს ვტოვებ წარსულში. ბევრს სჯერა, რომ საქართველოს ისტორიას დაწერს ოლიგარქიული მმართველობა. მე კი მჯერა რომ საქართველოს ისტორიას დაწერს ქართველი ხალხი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მელის თქმით, მას არ სჯერა, რომ “პოლიტიკური კორუფციის დამაცხება შესაძლებელია პოლიტიკური კორუფციითვე”, არამედ, სჯერა, რომ “მთავარი იარაღია – ღირსება, მორალი, სიტყვის ფასი და ზნეობა”. მისივე სიტყვებით, მცდელობის მიუხედავად, მისთვის “მნიშველოვანმა პრინციპებმა” “ნაციონალურ მოძრაობაში” ვერ გაიმარჯვა.
“არ მჯერა, რომ ფულის დამარცხება შესაძლებელია ფულით, არ მჯერა რომ ვინმე შეძლებს პოლიტიკური კორუფციის დამაცხებას პოლიტიკური კორუფციითვე, არ მჯერა რომ პოლიტიკური ვაჭრობა დამარცხებადია პოლიტიკური ვაჭრობითვე. დღეს სჯერათ, რომ პოლიტიკური ბრძოლის მთავარი იარაღი ფულია, მე კი მჯერა რომ მთავარი იარაღია ღირსება, მორალი, სიტყვის ფასი და ზნეობა. ესაა ჩემი, როგორც პოლიტიკოსის ხედვა, იდეალები. ახალი გამარჯვება იქნება ეს…
ახლა მაქვს ორი არჩევანი, რომელიც გულისხმობს ნიღაბის გაკეთებას და ასე გაგრძელებას ან ვიყო ბოლომდე გულწრფელი საკუთარ თავთან; მაქვს არჩევანი, ჩავეფლო პოლიტიკურ ვაჭრობაში ან დავრჩე თქვენთან, ხალხთან ერთად. ვეცადე ამ პრინციპებს გაემარჯვა ენმ-ში, მაგრამ მართლაც ყრუ კედელი დაგვხვდა”, – თქვა მან.
დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობაში” დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. იმ დროისათვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წინადადებას დასთანხმდა და არჩევნებში დამარცხდა.
ნიკა მელია ღიად ლაპარაკობდა არაფორმალურ მმართველობაზე “ნაციონალურ მოძრაობაში”, თუმცა, ამის მიუხედავად, პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას არ იღებდა.
„საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით“, – თქვა 26 ნოემბერს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა თავის წინამორბედზე.
იმავე დღეს „ფორმულის“ ღამის ეთერში მან განაცხადა, რომ მელიას ჰქონდა დრო, შეერთებოდა პარტიის 23 ნოემბრის მანიფესტს, თუმცა ეს არ გააკეთა და მელიამ „თავად გადაწყვიტა“.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: გპირდებით, რომ კეზერაშვილს, ხაზარაძეს, გვარამიას და სააკაშვილს ამ ქვეყანას არცერთ შემთხვევაში არ დავუთმობთ – „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 60%-მდეა, ამიტომ ოპოზიცია რევოლუციას ვერ მოაწყობს