ნიკა მელია ამბობს, რომ მისი საარჩევნო ნომერი 4 იქნება
ნიკა მელიას თქმით, მისი საარჩევნო ნომერი 4 იქნება. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე Facebook-ზე წერს.
"2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად მოხდება გარდამტეხი ცვლილებები ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად. ყველანი ერთად გადავდგამთ დიდ ნაბიჯს წინ, მომავლისკენ და ამ ნაბიჯს ექნება თავისი სიმბოლო - ნომერი 4.
მჯერა, რომ უახლოეს მომავალში 4-იანი გახდება ბრძოლისა და გამარჯვების, წარმატებისა და პროგრესის სიმბოლო, რომელიც დიდი ხნით დაიმკვიდრებს თავს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში". - წერს მელია.
თებერვალში ნიკა მელია ამბობდა, რომ არჩევნებზე რომელიმე ისეთი პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო ნომრის აღებას განიხილავდა, რომელიც თავად არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდა. ერთ-ერთ ვარიანტად მელია ნიკა მაჭუტაძის პარტიას ასახელებდა.
ნომერი 4 პარტიას სახელმწიფო ხალხისთვის ეკუთვნოდა, რომელიც პაატა ბურჭულაძემ დააარსა, მისი თავმჯდომარე კი სწორედ ნიკა მაჭუტაძე იყო.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, ნიკა მელიას თავისი პოლიტიკური პარტია ოფიციალურად არ წარუდგენია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.