ნეიროქირურგი ანტონ ჩეჩინზე – პაციენტს მარჯვენა შუბლ-თხემის მიდამოში აღენიშნება გაურკვეველი სახის ქსოვილი – თავის ტვინში ნებისმიერმა წარმონაქმნმა, შესაძლოა, პრობლემები გამოიწვიოს, ამიტომ ამოკვეთილი და შესწავლილი უნდა იყოს

პაციენტს მარჯვენა შუბლ-თხემის მიდამოში აღენიშნება გაურკვეველი სახის ქსოვილი. თავის ტვინში ნებისმიერმა წარმონაქმნმა, შესაძლოა, პრობლემები გამოიწვიოს, ამიტომ ამოკვეთილი და შესწავლილი უნდა იყოს, – ამის შესახებ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესზე, მოწმე ექიმმა, ნეიროქირურგმა ედიშერ მაღალაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქირურგიული ჩარევის გარდა, პერიოდულობით კვლევების ჩატარება და წარმონაქმნის მუდმივი კონტროლია საჭირო.
„სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით დავწერე კვლევა. პაციენტს მარჯვენა შუბლ-თხემის მიდამოში აღენიშნება გაურკვეველი სახის ქსოვილი. თუ რა ქსოვილია, არის თუ არა სიმსივნე და თუ არის, როგორი სახის სიმსივნური წარმონაქმნია, ამის დადგენა ქირურგიული ჩარევის გარეშე შეუძლებელია. უნდა მოხდეს ქირურგიული ჩარევა და შემდეგ ამოკვეთილ ქსოვილზე კვლევა უნდა ჩატარდეს.
პირადად მე მიმაჩნია, რომ თავის ტვინში ნებისმიერმა წარმონაქმნმა შესაძლოა პრობლემები გამოიწვიოს, ამიტომ ამოკვეთილი და შესწავლილი უნდა იყოს, თუმცა დანამდვილებით თქმა, რომ კონკრეტულ რისკებს გამოიწვევს, ძნელია. რისკები არსებობს. შესაძლოა, წარმონაქმნი გაიზარდოს და მარცხენა კიდურებში სისუსტე გამოიწვიოს, მაგრამ ეს შესაძლოა, დროში გაიწელოს, ანუ 1 კვირაში, ან 1 თვეში ეს არ მოხდება, ამას თვეები დასჭირდება, მაგრამ მკურნალობის არქონის პირობებში შეიძლება მდგომარეობა გართულდეს.
რაც შეეხება ქირურგიულ ჩარევასა და მის სირთულეს, ნებისმიერი ჩარევა ქალა-ტვინის არეში, მაღალი რისკით ფასდება, თუმცა ნეიროქირურგიულად ეს როგორც საშუალო დონის საფრთხე, ისე ფასდება.
რაც შეეხება ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას, ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება 5-7 კვირა გრძელდება, შემდეგ რეაბილიტაცია თვე-თვენახევარი მიმდინარეობს“, – განაცხადა ექიმმა, ედიშერ მაღალაშვილმა.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლოს მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა

შიო III აბიტურიენტებს – გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში – გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს