ნატო-ში აშშ-ის ელჩი - ევროატლანტიკურ სივრცეში რუსეთი ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს - თავდაცვის ხარჯების გაზრდისთვის დროს ჩვენ არ ვადგენთ, ის საფრთხეებით განისაზღვრება - რუსეთს აღდგენა 5 წელიწადში ან კიდევ უფრო მალე შეუძლია

ევროატლანტიკურ სივრცეში რუსეთი ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს, - ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტეკერმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ევროპელები გამუდმებით გვეუბნებიან, რომ რუსეთი ყველაზე დიდი საფრთხეა. ჩვენც ვეთანხმებით, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში ეს სწორედ ასეა. ამიტომ, ინვესტიციები უნდა განვახორციელოთ“, - განაცხადა მეთიუ უიტეკერმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 5%-მდე გაზარდონ, რადგან რუსეთი უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ აღდგენას 5 წელიწადში შეძლებს.
„თავდაცვის ხარჯების გაზრდისთვის დროს ჩვენ არ ვადგენთ. ის საფრთხეებით განისაზღვრება. რუსეთს აღდგენა 5 წელიწადში ან კიდევ უფრო მალე შეუძლია“, - აღნიშნა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.