“ნაპოლის” გატეხილი ნავსი, სიახლეების მნიშვნელობა ხვიჩას თამაშში და სავარაუდო მეტოქეები მერვედფინალში…

27 სექტემბრის შემდეგ, “ნაპოლის” საკუთარ მოედანზე გამარჯვება არ ჰქონდა და “ბრაგასთან” (2:0) ჩემპიონთა ლიგაზე გუნდმა ეს ნავსი გატეხა. იქნებ, ვალტერ მაცარიმ და მისმა ფეხბურთელებმა წლის ბოლომდე სიტუაციის გამოსწორება და ხასიათზე მოსვლა იტალიის ჩემპიონატშიც მოახერხონ, სადაც მომდევნო ორი მატჩი შინ აქვთ, “კალიარისა” და “ფროზინონესთან”. ნეაპოლელთა თამი გარკვეული პოზიტიური სიახლეები შეინიშნებოდა, მითუმეტეს, მოწინააღმდეგე ძალიან სუსტების კატეგორიიდან არ ყოფილა.
იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმა დომინანტურად დაიწყეს, მინდვრის შუაში კი ისე მოქმედებდნენ, “ბრაგას” კონტრშეტებების საშუალებას არ აძლევდნენ, თავად ტემპს აკონტროლებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ტაქტიკური სქემა კვლავ
არ შეცვლილა, მარცხენა ფლანგი, სადაც მოქმედებს, შეუდარებლად აქტიური იყო. ნათანი, საერთოდაც, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მეორე გოლის ეპიზოდში კარგად გამოჩნდა, ქართველი გარემარბისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, ფრთაზე აქტიური პარტნიორი ჰყავდეს, რომელიც ზონებს მეტად გახსნის და 77-ე ნომერსაც იმპროვიზაციის საშუალებას მისცემს.
რაც შეეხება “კვარას” – მის შეჩერებას ხშირად კვლავ სიხისტის ზღვარზე ცდილობენ. ჩვენებურმა საკუთარი არსენალის გაზრდაზე კიდევ უფრო უნდა იმუშაოს, ამისთვის თანაგუნდელებიც მეტად დაეხმარნონ. საგოლე ეპიზოდი კვლავ შეექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა… კარგია, რომ მწვრთნელი ხვიჩას მაქსიმალურად ეხმარება და მინდორზე კვლავ 90 წუთი დაჰყო (ბოლო შვიდ თამაშში მეექვსედ), ამავდროულად კი მაცარიმ საკუთარი გუნდის ასე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის შესაძლებლობები კარგად უნდა გაანალიზოს და ფიზიკური ძალებიც იდეალურად გადაანაწილებინოს. როცა ქართულ – ნიგერიული დუეტი მთელი ძალით ამუშავდება, კიდევ უფრო მეტი უნდა ვნახოთ!..
“ნაპოლის” იტალიური მიზანი წელს ოთხეულია, უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე კი მაქსიმალურად შორს წასვლის იმედი ექნებათ. მერვედფინალიების წილისყრა 18 დეკემბერსაა, შეხვედრები – თებერვალში. კვარაცხელიას გუნდის სავარაუდო მეტოქეებია: “ბაიერნი”, “არსენალი”, “რეალ სოსიედადი”, “მანჩესტერ სიტი” და “ბარსელონა”. გასარკვევი მხოლოდ 2 ვარიანტი – “დორტმუნდი” ან პსჟ და თუკი “ატლეტიკო” “ლაციოს” აჯობებს. სხვა იტალიური კლუბებიდან “ინტერმა” ასევე მეორე ადგილი დაიკავა, “მილანი” კი მერვედფინალში გასასვლელად მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებული არაა.
ხვიჩამ რომ ნათანს პასი მიცა მოძრაობაში, რაც ბოლოს გოლით დასრულდა, აი ასეთ პასს თითქმის ვერავინ უკეთებს. ხვიჩას პასს ძირითადად საკუთარი კარისკენ მობრუნებულს აძლევენ, ანუ ძალიან უგვიანებენ. ნაპოლის წესიერი მარცხენა მცველი არ ჰყავს. თავად ხვიჩას პასები ყოველთვის მოულოდნელი და მწვავეა, თუმც ხანდახან დარტყმა სუსტია და პარტნიორებამდე ვერ აღწევს. ამას უნდა გამოსწორება და ნაპოლი ბევრს მოიგებს, რადგან ხვიჩას წყალობით სივრცეები იხსნება.