ნანა დიხამინჯია: სინამდვილეში, უკვე წლებია, ყველაზე დიდი სიწმინდე – გელათია შეურაცხყოფილი… მერე იმათ მივადგეთ, ვინც სკოლების ფული შეჭამა და ვის გამოც ათიათასობით ბავშვი დადის დანგრეულ სკოლაში

პროფესორი ნანა დიხამინჯია:
სინამდვილეში, უკვე წლებია, ყველაზე დიდი სიწმინდე – გელათია შეურაცხყოფილი, კონკრეტულად წულუკიანის მმართველობის ქვეშ, და პირდაპირ იქიდან დაიწყეთ. თუ გინდათ, კიდევ მიგასწავლით ერთ სამ ისტორიულ ეკლესია-სიწმინდეს, რომელიც მღვდლების მიერ დაზიანდა წარსულის უპატივცემულობით.
მერე შეგიძლიათ რობერტ სტურუაზე გადახვიდეთ, რომელმაც ჯერ რუსთაველი გააკრიტიკა და მერე უხარისხო ვოდევილამდე დაიყვანა ვეფხისტყაოსანი.
კიდევ გაჩვენებთ ქოცნების ბიზნესმენებს, რომელთაც ქართული ბუნება გაანადგურეს, მთები მოჭრეს და სოფლები დაანგრიეს. ეგაა წინაპრების უმძიმესი შეურაცხყოფა, არ მეთანხმებით?
მერე სვანეთში აგიყვანთ და უძველესი კოშკების სავალალო მდგომარეობას განახებთ, რომლის შედეგად მსოფლიოში უნიკალურ მემკვიდრეობას ვკარგავთ.
მერე წავიდეთ და გამოვათრიოთ ყველა ცრუმოწმე და ყველა ლაჩრულად თავდამსხმელი და ყველა მოსყიდული მოსამართლე და ყველა სპეცრაზმელი, ვინც ქალზე აწია ხელი, და ხელებშეკრული ბიჭები უმოწყალოდ სცემა. ეს ყველაფერი ქართული კულტურის და ტრადიციების შეურაცხყოფაა.
მერე ისინი მივაყოლოთ, ვინც ნარკობიზნესს მფარველობს და ვის გამოც ახალგაზრდები იღუპებიან. ამაზე მეტი ზიანი ვინ უნდა მიაყენოს საქართველოს?
მერე ისინიც დავამატოთ, ვინც ქოლცენტრებში შეყარა ჭკვიანი ახალგაზრდები და მოხუცების უმოწყალო ძარცვა გაუხადა მთავარ შემოსავლად. რა გადაარჩენს ამ ახალგაზრდების მორალურ ღირებულებებს?
მერე იმათ მივადგეთ, ვინც სკოლების ფული შეჭამა და ვის გამოც ათიათასობით ბავშვი დადის დანგრეულ სკოლაში, ან მეორე და მესამე ცვლაში, და საჭირო განათლების ნახევარსაც ვერ იღებს.
და ბოლოს ისინი დავამწკრივოთ, ვინც საჭმელი მოპარა ბავშვებს, უმწეოებს, ჯარს აჭამა მატლები. ამაზე მეტად ვინ უნდა მოგვაყენოს შეურაცხყოფა?
აბა თქვენ იცით, ბიჭებო, არ დაიღალოთ მუშტის ქნევით, მთელი ქოცნება თავისი გარემოცვით გყოლიათ მყისიერად დასარეაგირებელი.
ცნობისათვის, 27 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში MMA – ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილი მეგობრებთან ერთად ბრიფინგს გამართავს.
ანონსში წერია, რომ იქმნება ორგანიზაცია, რომელსაც “მყისიერი რეაგირება ექნება სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიისა და ისტორიის შეურაცხყოფაზე”