ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში 19.5%-ით შემცირდა, ხოლო ბუნებრივი აირის 4.6%-ით გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში 19.5%-ით შემცირდა (974-დან 783 მლნ დოლარამდე), ხოლო ბუნებრივი აირის 4.6%-ით გაიზარდა (354-დან 370 მლნ დოლარამდე). ინფორმაციას Galt&Taggart-ი ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვაში აქვეყნებს.
საქართველოში ბენზინის და დიზელის იმპორტის ღირებულება 19.5%-ით შემცირდა 2023 წლის 11 თვეში, რაც გამოიწვია შედარებით იაფიანი საიმპორტო ბაზრების ათვისებამ. ბუნებრივი აირის იმპორტის ღირებულება კი 4.6%-ით გაიზარდა 2023 წლის 11 თვეში, რაც განაპირობა როგორც ფასების, ისე მოცულობის ზრდამ, რომელიც 3.4%-ითაა მომატებული 2.7მლნ კუბუტ მეტრამდე.
„2023 წლის დეკემბერში ნავთობის ფასი თვიურად 7.0%-ით შემცირდა, ხოლო წლიურად 10.3%-იანი კლება დაფიქსირდა. წითელ ზღვაში მიმდინარე მოვლენებს ნედლეულის ფასზე თავდაპირველად მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა – იემენელი ჰუსიტების თავდასხმების გამო, ბევრმა გადამზიდავმა სუეცის არხის გამოყენებაზე უარი თქვა, რის გამოც ხომალდებს აფრიკის კონტინენტის შემოვლა უწევთ. მიუხედავად წითელ ზღვასა და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობისა, ნავთობის ფასები მცირედ კლებას განაგრძობს, რისი მიზეზიცაა ამერიკული ნავთობის მოსალოდნელზე ბევრად მაღალი ექსპორტი. წამყვანმა საინვესტიციო ბანკებმა ნავთობის ფასების მოლოდინი შეამცირეს, რაც OPEC+-ის გარდა სხვა მწარმოებლების გააქტიურებას მოჰყვა (განსაკუთრებით ). ხუთი წამყვანი საინვესტიციო ბანკის საშუალო პროგნოზი ბარელზე 81 აშშ დოლარს შეადგენს 2024 წლისთვის.
ბუნებრივი აირი 2023 წლის დეკემბერში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 29.7%-ით შემცირდა, ხოლო წლიურად 54.5%-იანი კლება დაფიქსირდა. ნავთობის მსგავსად, ბუნებრივი აირის ფასი ჰუსიტების თავდასხმების შემდეგ დროებით გაიზარდა. დამატებით, აირმზიდი ტანკერების ნაწილმა წითელ ზღვაზე თავის ასარიდებლად უფრო გრძელი მარშრუტები აირჩიეს, რამაც დანიშნულების ადგილამდე მისვლა თვეზე მეტი დროით გაზარდა. გარდა ამისა, ევროპაში ამინდი უარესდება, რაც ბუნებრივი აირის მოთხოვნაზე იმოქმედებს. ამის მიუხედავად ფასის მნიშვენლოვანი ზრდა უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი არ არის, რადგან ევროპაში მარაგების მაღალი დონეა (86%)“, – ნათქვამია მიმოხილვაში.

ასევე დაგაინტერესებთ