თბილისის მერიამ ერეკლე მეორეს მოედნიდან მოსახლეობა კუთვნილი ბინებიდან რეაბილიტაციის მოტივით გამოიყვანა, მაგრამ როგორც “შაბათის ეთერს” ადგილობრივები უყვებიან, მათ ქონებას არ უფორმებენ. ხალხს ეჭვი აქვს, რომ მათი სახლების ხელში ჩაგდება, “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს უნდა. ერეკლე მეორეს მოედანზე მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სასურველი ტერიტორიების გამოთავისუფლების ოპერაციას, კახა კალაძე და მასზე დაქვემდებარებული უწყებები ასრულებენ – ისე როგორც ეს შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე მოხდა: აქ თბილისის განვითარების ფონდმა ძველი სახლების რეაბილიტაცია ჩაატარა, გარემონტებული სახლების დარეგისტრირების უფლებას კი მესაკუთრეებს, უკვე წლებია აღარ აძლევს:
- ნანული კეჩხუაშვილიც ყავლაშვილის 7 ნომერში 26 წელია ცხოვრობს. თბილისის განვითარების ფონდმა მისი სახლი 2019 წელს დაანგრია, 2021-ში კი საცხოვრებლად შეუშვა, თუმცა მას შემდეგ, 5 წელია, არც ქალბატონ ნანულის და არც მის მეზობლებს საკუთარი ბინები საკუთრებაში აღარ აქვთ. ქონების დაბრუნება სასამართლოსაც სთხოვეს, აქაც უარი მიიღეს. თბილისის განვითარების ფონდი არ აწვდის რეესტრს ახალ აზომვით ნახაზებს, ხელახალი რეგისტრაციისთვის.
ჰაერში დარჩენილი რეაბილიტირებული სახლები არაფერია რობერტ ვოსკანიანის ამბავთან შედარებით.
- მოქალაქე ამბობს, რომ თბილისის განვითარების ფონდმა სახლი დაუნგრია და საერთოდ აღარ აუშენა. მისი სახლის ადგილას ახლა ცარიელი მიწაა. ვოსკანიანთან ერთად, ეზოში კიდევ 6 ოჯახი ცხოვრობდა. ყველას ერთი და იგივე პრობლემა აქვს: 14 წელია სახლს არ უშენებენ.
ფართები, რომელთა დაკანონებაზეც მოქალაქეებს პრობლემები აქვს “ქართული ოცნების” ყოფილი ოფისის სიახლოვეს მდებარეობს:
- ირკვევა, რომ იქ “ქართული ოცნების” პროპაგანდისტი, გოგა ხაინდრავა შესახლდა. იქვეა მანთაშევის ქარვასლის შენობა, რომლის საბოლოო მფლობელიც, ასევე მილიარდერის კუთვნილი სააქციო საზოგადოება ,,ტერაა”. სასტუმროს ფუნქციით აშენებული ეს ნაგებობაც ბიძინა ივანიშვილი ოლდ სითი პლიუსის ბალანსზე ირიცხება. ყოფილი ჟურნალისტთა სახლიც ივანიშვილს ეკუთვნის. სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე ,,ოლდ სითი პანორამა” აწარმოებს. ჟურნალისტთა ყოფილ სახლთან საერთო კედელი აქვს 548 კვადრატულ ნაგებობასაც. აქაც რეაბილიტაცია ჩატარდა და მესაკუთრეებს, კუთვნილი ქონების დაკანონებაზე აქაც უარს ეუბნებიან.
ერეკლე მეორეს მოედნის 6 ნომერს ესაზღვრება რობერტ ვასკანიანის დანგრეული სახლის ეზოც. ამ ეზოს გვერდით კი უკვე ყავლაშვილის ქუჩის ის ეზოებია, სადაც რეაბილიტირებულ და საკუთარ, დაუკანონებელ სახლებში მცხოვრები თბილისელები, სახელმწიფოსგან კანონიერების აღდგენას, წლებია ელოდებიან.
თბილისის ვიცე-მერი ამტკიცებს, რომ რეაბილიტირებული სახლების ხელახალი რეგისტრაციის პრობლემა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არ არსებობის გამო ფერხდებოდა, თუმცა კალაძის მოადგილის ნათქვამს საჯარო რეესტრის ეს ამონაწერი ეწინააღმდეგება. თუ “შაბათის ეთერის” რესპოდენტების ფართების დარეგისტრირებას ხელს აქამდე კანონი უშლიდა, როგორ მოხდა იგივე წესით რეაბილიტირებული ბინების დაკანონება, ამავე ქუჩის 3 ნომერში მცხოვრები მოქალაქეებისთვის?! ეს გიორგი გაფრინდაშვილის საცხოვრებელი სახლის ამონაწერია ქონების რეესტრიდან. მასში გარკვევით წერია, რომ ახალი ამონაწერი, თბილისის განვითარების ფონდის წერილის საფუძველზე გაიცა. ამ წერილს ითხოვენ დანარჩენებიც 5 წელზე მეტია.
ის, რაც ახლა ძველ თბილისში მიმდინარეობს, კულტურული მემკვიდრეობისა და ურბანული პოლიტიკის სპეციალისტების შეფასებით ჯენთრიფიკაციაა – ანუ პროცესი, როდესაც ისტორიული უბნებიდან მკვიდრი მოსახლეობა იძულებულია გავიდეს და კომერცია შემოდის. თბილისის შემთხვევაში ამას თავად სახელმწიფო, უფრო კონკრეტულად კი კალაძის უწყება აკეთებს. ახლა იგივე ბედი შეიძლება ელოდეს ერეკლე მეორეს მოედნის 7 ნომერსაც. შვიდი ოჯახისთვის დანგრეული სახლების ნაცვლად, თბილისის განვითარების ფონდს 14 წელია არაფერი აუშენებია. ახლა, “შაბათის ეთერი” არკვევს, რომ ამ ოჯახებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, კუთვნილი ფართების აშენებას, არც არავინ აპირებს.
კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებიც ირწმუნებიან, რომ მათაც შეიძლება იგივე ბედი გაიზიარონ. სულხან საბას ქუჩაზე თბილისის განვითარების ფონდი სახლების რეაბილიტაციისთვის ახლა შევიდა, თუმცა მცხოვრებლების საკმაოდ დიდი ნაწილი, სახლების ნგრევას არ თანხმდება და მათივე შეფასებით, კაბალურ კონტრაქტს ხელს არ აწერს.
- არც შალვა ახალკაცს და არც მზია გაბუნიას ხელი, თბილისის განვითარების ფონდის შემოთავაზებაზე არ მოუწერიათ. ისინი ფონდს მეზობლებთან ერთად ეწინააღმდეგებიან და საცხოვრებელ ბინებს არ ტოვებენ იმის მიუხედავად, რომ 3 კვირაზე მეტია, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეწყვეტილი აქვთ.
- დალი გამრეკლიძე სულხან საბას 4 ნომერში, 1958 წლიდან ცხოვრობს. მან დაზიანებები უშუქობისას კიბეებზე წაქცევის შედეგად მიიღო. ისიც და მისი ოჯახის წევრებიც ფიქრობენ, რომ ამით თბილისის მთავრობა მათზე ზეგავლენას ახდენს და სახლების დატოვებას აიძულებს.
ერეკლე მეორესა და გუდიაშვილის მოედნები, სულხან-საბას ქუჩასთან ერთად, მხოლოდ 3 მაგალითია. მსგავსი და ანალოგიური პრობლემები თბილისელებს აქვთ მაგალითად აბანოთუბანსა და მელიქიშვილის ქუჩებზეც. სახლების რეალური ნგრევის საფრთხეების რისკიც ჩუბინაშვილსა და ფიროსმანზეც გაცილებით მაღალია, ვიდრე იქ, სადაც თბილისის განვითარების ფონდი რეაბილიტაციის სახელით აქამდე შევიდა.




