მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე GDI-მ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე მიშა მშვილდაძეზე განხორციელებულ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ორგანიზებულ, არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.
“საქართველოში წარმოებული გამოძიება არ ყოფილა ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური. საქმე დახურა და 2023 წლის 12 სექტემბერს გადაიგზავნა სასამართლოში, ისე რომ საქმეში მონაწილე ყველა შესაძლო დამნაშავის იდენტიფიცირება და დასჯა არ მომხდარა. საგამოძიებო ორგანოს არ ამოუღია ყველა ვიდეო კამერის ჩანაწერი, არ დაუკითხავს ყველა მოწმე, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.
დანაშაულის კვალიფიკაცია იყო არასწორი და ნაცვლად ჯგუფურად, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი არაადამიანური მოპყრობისა, დაკვალიფიცირებული იყო სსკ-ის 126-ე მუხლით (ძალადობა). დაზარალებულს, მისი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით, არ მიაწოდეს საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა მტკიცებულება (ვიდეო-მასალები)”, – აღნიშნავენ GDI-ში.
ორგანიზაციის განცხადებით, ამ გარემოებების გამო, მიხეილ მშვილდაძემ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
“წარდგენილი საჩივარი შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა, მატერიალური და პროცედურული ნაწილი) მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობაში და მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევას. მომჩივანი დავობს, რომ მის მიმართ ჩადენილი დანაშაული სავარაუდოდ სახელმწიფოს მიერ იყო დაგეგმილი და განხორციელებული. ამიტომ მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.
ამასთან, მიხეილ მშვილდაძის მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე არ ჩატარებულა ეფექტიანი გამოძიება და არ დასჯილან დამნაშავეები. გამოძიებას არ გამოუვლენია პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების ნიშნით დისკრიმინაციული ნიშანი. მომჩივანი დავობს გამოხატვის თავისუფლების დარღვევაზეც, ვინაიდან არის ჟურნალისტი და სახელმწიფოს ეკრძალება ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლების მსგავსი ფორმით შეზღუდვა, ამასთან სახელმწიფოს ევალებოდა გამოეძიებინა გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
***
ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. -მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
28 ივნისს, სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა. ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. 29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.
5 ივლისს, ფორმულამ გაარკვია, რომ მიშა მშვილდაძეზე ორგანიზებული თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი ა.
11 სექტემბერს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთი მფლობელის მიშა მშვილდაძის საქმე დახურულად გამოაცხადა.
4 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს, ნიკოლოზ გუგეშაშვილს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბრალდებული ოჯახური მდგომარეობის გამო გათავისუფლებას ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა.