მშვიდობა უკრაინაში შეცვლის რეალობას ევროპაში, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში – მარტა კოსი

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებით, მშვიდობა უკრაინაში შეცვლის რეალობას ევროპაში, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში, თურქეთი ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება.
ამის შესახებ მარტა კოსმა თურქეთში გამგზავრებამდე „პოლიტიკოს“ განუცხადა.
„ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის სამზადისი გულისხმობს თურქეთთან ძლიერი პარტნიორობისთვის მზადებას. გაფართოების უკანასკნელ ანგარიშებში ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის სტანდარტებიდან დაშორებისკენ გადადგმული ნაბიჯები, განსაკუთრებით ეს ეხება კანონის უზენაესობას და დემოკრატიას. ვიცი, თურქეთს გააჩნია ხანგრძლივი დემოკრატიული ტრადიცია და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. სწორედ ამის გაძლიერების ხილვა გვსურს, რომ ევროკავშირსა და თურქეთს შორის ნდობა ავაშენოთ“, – განაცხადა ევროკომისარმა.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ანკარაში ვიზიტისას მარტა კოსი დაესწრება ევროპის საინვესტიციო ბანკისა და თურქეთის მთავრობას შორის ხელშეკრულების ხელმოწერას, რომელიც ანკარასთვის განახლებადი ენერგიის პროექტებში 200 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
ამასთან ერთად, ევროკომისია წარადგენს კვლევას, რომელიც „რეგიონთაშორისი დაკავშირებადობის დღის წესრიგის წინ წაწევას“ ეხება და მოიცავს თურქეთს, ცენტრალურ ევროპას და სამხრეთ კავკასიას.
„პოლიტიკოს“ ცნობით, კვლევაში საუბარია საჭირო ინვესტიციებზე ტრანსპორტის, ვაჭრობის, ენერგიისა და ციფრული დაკავშირებადობის სფეროში, ტრანსკასპიური დერეფნის ფარგლებში, რომელიც ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას და შავ ზღვას აკავშირებს.
ცნობისთვის, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობები წლების განმავლობაში იყო გაუარესებული. ბრიუსელი შეშფოთებას გამოთქვამდა თურქეთში ოპოზიციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების გამო. ანკარა ევროკავშირში წევრობის კანდიდატია, თუმცა მოლაპარაკების პროცესი 2018 წლიდან არის შეჩერებული.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?