ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა - გაიზრდება თუ არა უძრავი ქონების ფასი?

მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა - გაიზრდება თუ არა უძრავი ქონების ფასი?

,,საქსტატის’’ მონაცემებით, 2024 წლის აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1 %-ით გაიზარდა. ცვლილება, ძირითადად განაპირობა სამშენებლო მასალების ფასების 1.0 %-იანმა ზრდამ. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 7.9 %-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 29.7 %-იანი ზრდითა და სამშენებლო მასალების 3.8 %-იანი გაძვირებით.
,,კომერსანტი“ დაინტერესდა მშენებლობის ღირებულების ინდექსის მატება რა გავლენას მოახდენს უძრავი ქონების ფასზე. კითხვით დეველოპერული კომპანია ,,არსის’’ გენერალურ დირექტორს მივმართეთ. ბესო ორთოიძე აცხადებს, რომ მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდა გასული წლის პერიოდს უკავშირდება და 2024 წლის ბოლომდე ფასის ცვლილება მოსალოდნელი არ არის.
,,ძირითადი ზრდა უკავშირდება გასული წელის პერიოდს. თუ წლევანდელ წელს შევხედავთ ძალიან მცირედია ცვლილებები. მარტო მიმდინარე წელი, რომ ავიღოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც სამშენებლო მასალები ასევე ხელფასები დასტაბილურებულია. შესაბამისად, ფასი რაც დღეს უძრავი ქონების გასაყიდ ბაზარზე გვაქვს ამ წლის ბოლომდე არ შეიცვლება და დაახლოებით იგივე ფასები შენარჩუნდება. შედარებით ზრდას შეიძლება უკვე ველოდოთ მომავალი წლიდან. რაც რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. არჩევნებიც გვაქვს, გლობალურადაც ბევრი გამოწვევაა და ამასთან იქნება უფრო კავშირში.’’- აცხადებს ბესო ორთოიძე.
უძრავი ქონების ფასის შედარებით დიდი მატება 2022-2023 წლებში დაფიქსირდა. მატების მიზეზად ბესო ორთოიძე პანდემიას, სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდასა და ხელფასების მატებას ასახელებს. რაც შეეხება 2025 წელს, მომავალი წლიდან უძრავ ქონებაზე ფასის მატება შესაძლოა 7-10% იყოს.
,,თუ შევხედავთ ისტორიულად, თუ რამე კატაკლიზმები არ ხდებოდა, ჩვენ გვქონდა 7-10%-იანი წლიური ზრდა, რაც ნორმალურია ჩვენნაირი ქვეყნისთვის. მერე დაიწყო ისეთი პერიოდი, ჯერ პანდემია იყო, შემდეგ ომით გამოწვეული სამშენებლო მასალების გაძვირება იყო. შემდეგ ხელფასებზე იყო ზრდა. მიმდინარე წელია, როცა მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა და ფასი აღარ იზრდება ისეთი სისწრაფით, როგორც გვქონდა გასულ ბოლო 2 წელიწადში. შესაბამისად ჩვენ თუ დავუბრუნდებით 2019 წლამდე რა ტენდენციაც იყო ბაზარზე, მაშინ ისევ დაახლოებით 7-10%-იანი ზრდა შეიძლება გვქონდეს, თუ რამე გარე ან შიდა პრობლემამ არ შეუშალა ხელი.’’- აცხადებს ბესო ორთოიძე.
ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდია. პოლიტიკური მოვლენა ქვეყანაში თითქმის ყველა სფეროზე ახდენს გავლებას. თუმცა, როგორც ,,არსის’’ გენერალური დირექტორი აცხადებს, არჩევნების მოახლოების მიუხედავად უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა ნარჩუნდება.
,,არჩევნების პერიოდში ცოტა ახასიათებს ხოლმე, არამარტო უძრავ ქონებაში, არამედ ეკონომიკაში ხდება დაპაუზება, მაგრამ მსგავსი ნიშნები ჯერჯერობით არ არის. ოქტომბერი დაიწყო და საკმაოდ სტაბილური მოთხოვნა ფიქსირდება ბაზარზე.’’- აცხადებს ბესო ორთოიძე.
დედაქალაქში დღეს უძრავი ქონების ფასი საშუალოდ 1 200-1 300 დოლარია. გარე უბნებში ფასი შედარებით დაბალია და 1 000 დოლარს შეადგენს. საშუალო კლასის უძრავი ქონების შეძენა დაახლოებით 1 500 დოლარად არის შესაძლებელი. რაც შეეხება პრემიუმ კლასს აქ ფასი 2 000 დოლარს შეადგენს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.