მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა უკრაინაზე მორიგ შეტევას

რუსეთის არმიამ უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის კიევის, დონეცკის, ხარკოვის, ნიკოლაევის და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, წუხანდელი თავდასხმის შედეგად არის მსხვერპლი. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
დონეცკის საოლქო პროკურატურის ცნობით, სულ მცირე ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ერთი დაიჭრა ქალაქ მირნოგრადზე სარაკეტო დარტყმის შედეგად. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიჭრა ქალაქ ზმიევზე დრონებით თავდასხმისას. დაზიანებულია რამდენიმე სახლი და საწარმო.
კიევის ოლქში დრონის ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე. დამწვარია საწყობები და დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობა. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევისას ერთი ადამიანი დაშავდა ნიკოლაევის ოლქში. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა დაზიანებული დნეპროპეტროვსკის ოლქშიც.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დღეს, 30 იანვარს, გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქებიდან, პრიმორსკო-ახტარსკიდან და კურსკიდან უკრაინის ნიკოლაევის, ხარკოვის, კიევის, დნეპროპეტროვსკისა და სხვა ოლქებს შეუტიეს 35 უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან 15 უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს. საჰაერო ძალების თანახმად, ანექსირებული ყირიმიდან С-300 ტიპის ორი საზენიტო მართვადი რაკეტით დარტყმა იყო დონეცკის ოლქზე.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტროც. მის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, ყირიმის ნახევარკუნძულის და ბრიანსკის, ბელგოროდის, ტულისა და კალუგის ოლქების თავზე გაანადგურეს 21 უკრაინული დრონი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შედეგების შესახებ არაფერს ამბობს.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით ოპერატიულად გადამოწმება ვერ ხერხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

“სრული მხარდაჭერა მაია კოხტაშვილს! არცერთი წამით არ ვეთანხმები წაყენებულ ბრალდებას. მან ეს გადაწყვეტილება საუკეთესო სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე მიიღო, რაც დანაშაულად ვერაფრით ჩაითვლება“

ჟორჟოლიანი: დააკვირდით, ვის იჭერს „ქართული ოცნება“ – რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული ოქრუაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო ელისაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული გიორგი ბარამიძე და ციხეშია

ამირან გულუაშვილი – გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა