მსოფლიოს 80-მდე ჟურნალისტი ქართულ მედიას სოლიდარობას უცხადებს

მსოფლიოს 80-მდე ჟურნალისტი და მოწინავე რედაქტორი, რომელიც პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის (IPI) გლობალური და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დამოუკიდებელი მედია ქსელის წევრია, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ქართულ მედიას სოლიდარობას უცხადებს.

“მტკიცედ ვგმობთ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღის დროს სახელმწიფო უსაფრთხოების ძალებისა და კერძო პირების მხრიდან მიზანმიმართულ, წინასწარ განზრახულ და ხშირად სასტიკ თავდასხმებს ჟურნალისტებზე”. – წერია ერთობლივ განცხადებაში.

მსოფლიო ჟურნალისტების თქმით, “საქართველოში პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ამ რთულ პერიოდში ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მამაც ჟურნალისტებს, რომლებიც განაგრძობენ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების საქმიანობას, დაუჯერებლად მტრული და სახიფათო გარემოს მიუხედავად. მათი სამუშაო შეუცვლელია – [ისინი] ინფორმაციას აწვდიან არა მხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ მსოფლიოსაც მიმდინარე მოვლენების შესახებ”.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში მიმდინარე გამოსვლების პარალელურად, “ჟურნალისტებს სასტიკად სცემეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, დაემუქრნენ და დააკავეს”.

განცხადების მიხედვით, “საქართველოში მედიაზე ეს უპრეცედენტო თავდასხმა ხდება პრესის თავისუფლების გაუარესებისა და ზოგადად ქვეყანაში დემოკრატიული თავისუფლებების უკუსვლის ფარგლებში. ბოლო თვეებში მედია გარემო გახდა მზარდად მტრული და სახიფათო მაშინ, როცა დაიწყო სამართლებრივი და ინსტიტუციური ინსტრუმენტების იარაღად გამოყენება, კრიტიკულ ხმებზე თავდასასხმელად და მათი შეზღუდვის მიზნით”.

“თქვენი საქმიანობა მნიშვნელოვანია და თქვენი გამბედაობა შთამაგონებელია ჩვენთვის. კიდევ ერთხელ, ჩვენ თქვენს გვერდით სრული სოლიდარობით ვდგავართ”. – წერია განცხადებაში, რომელსაც მსოფლიოს 78 ჟურნალისტი და მოწინავე რედაქტორი აწერს ხელს.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი