ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოქალაქის თქმით, დეპუტატ ჯაფარიძესთან დაპირისპირების გამო აეროპორტში დააკავეს (ვიდეო)

მოქალაქე მარიამ წიწიკაშვილი ამბობს, რომ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს მას შემდეგ, რაც რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს უთხრა, რომ უნდა რცხვენოდეს რუსული კანონისთვის ხმის მიცემის გამო. ინციდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა.
ვიდეოში, რომელიც წიწიკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ჩანს, რომ ის დეპუტატს მიმართავს:
„უნდა შეგრცხვეთ ყველგან [რუსულ კანონზე ხმის მიცემის გამო]. მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე. თქვენ უნდა იმალებოდეთ, თქვენ უნდა გრცხვენოდეთ. მე ვარ ამაყი იმით, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე და ამ ქვეყანას მივიყვანთ ევროკავშირამდე“.
დეპუტატი მოქალაქეს თავხედს, უზრდელს და გაუზრდელს უწოდებს. მას შემდეგ, რაც მარიამ წიწიკაშვილმა თქვა, რომ ის ემიგრანტი დედის შვილია, დეპუტატმა მას მიმართა სიტყვებით:
„გეტყობა“.
„84-დან ერთ-ერთმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სიმართლე კიდევ ერთხელ მოისმინა. ამჯერად მე ვუთხარი, რომ რუსული კანონით მან და მისმა კოლეგებმა საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავალი დაასამარეს და ამის გამო უნდა რცხვენოდეთ. ვიქტორ ჯაფარიძე, ერთი მხრივ, თურმე მედგრად ეწინააღმდეგება გლობალური ომის პარტიას, რომლის ზეწოლასაც ვერ უძლებს ამერიკა, NATO და ევროკავშირი, თუმცა, მას როგორც ჩანს, არ შეუძლია მოქალაქისგან საწინააღმდეგო აზრისა და კრიტიკის მოსმენა,“ — წერს მარიამ წიწიკაშვილი ფეისბუკზე.
მისი თქმით, მალევე მასთან პოლიცია მივიდა და მას და მასთან ერთად მყოფ კიდევ ერთ მოქალაქეს, ირინა გურგენაშვილს საბუთები ჩამოართვეს. წიწიკაშვილის ინფორმაციით, საბოლოო, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, გურგენიშვილს კი ბორტზე ასვლის საშუალება არ მისცეს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.