მოუჯანი ეხმაურება საქართველოს გადაწყვეტილებას, შეუერთდეს აშშ-ის სანქციებს ირანის წინააღმდეგ

ირანის ელჩი საქართველოში ალი მოუჯანი საქართველოსა და ირანის ურთიერთობაზე წერს და აქცენტს ფერეიდნელ ქართველებთან კავშირების გაწყვეტის რისკებზე აკეთებს. ამით ის გამოეხმაურა საქართველოს გადაწყვეტილებას, შეუერთდეს აშშ-ის მიერ ირანული ავიაკომპანიებისთვის დაწესებულ სანქციებს.

მოუჯანი Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ ირანში მცხოვრები ქართული თემის ისტორიული და თანამედროვე პოტენციალი საქართველო-ირანის ურთიერთობების გაღრმავებისთვის უნდა გამოიყენოს.

მისი განცხადებით, ის ირანის პირველი ელჩია, რომელმაც საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყებამდე ფერეიდანში იმოგზაურა – „ირანში ქართველთა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დასახლებაში“. მისი თქმით, ფერეიდნელ ქართველებთან შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის სოციალური, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე იმსჯელა.

ელჩი ხაზს უსვამს, რომ ფერეიდნელი ქართველების ისტორიული როლი მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებით არ შემოიფარგლება.

„ფერეიდანში 400 წლის განმავლობაში ენისა და იდენტობის შენარჩუნება მხოლოდ ისტორიული საკითხი არ არის“, – წერს მოუჯანი და აღნიშნავს, რომ ეს საზოგადოება დღეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური რესურსი შეიძლება გახდეს.

მისივე შეფასებით, ირანში მცხოვრები ქართველები, ისევე როგორც ირანის სომხური თემი, საუკუნეების განმავლობაში ირანსა და კავკასიას შორის სავაჭრო ურთიერთობებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ.

„მათი ორენოვნება, სავაჭრო გზებისა და ბაზრების ცოდნა და სხვადასხვა რეგიონთან კავშირები მათ ფართო სავაჭრო ქსელის ნაწილად აქცევდა“, – ამბობს ელჩი.

მოუჯანის თქმით, ამ ისტორიულ ქსელში თბილისიც მნიშვნელოვანი სატრანზიტო ცენტრი იყო, რომლის გავლითაც ირანული საქონელი რუსეთისა და ევროპის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

ელჩი მიიჩნევს, რომ ფერეიდნელი ქართველების ეს ისტორიული ფუნქცია თანამედროვე საქართველო-ირანის ურთიერთობებშიც შეიძლება აღდგეს.

მოუჯანი ფერეიდნელ ქართველებზე საუბარს ირან-საქართველოს შორის თანამედროვე ეკონომიკურ და სატრანსპორტო კავშირებს უკავშირებს. მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში, მიუხედავად რეგიონში არსებული ომისა და ეკონომიკური პრობლემებისა, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურმა ურთიერთობებმა ზრდა აჩვენა და სავაჭრო ბალანსიც უფრო მეტად საქართველოს სასარგებლოდ შეიცვალა.

ელჩი განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ საქართველოსა და ირანს შორის სწორედ საჰაერო მიმოსვლაზე ამახვილებს და ამბობს, რომ „ირანული ავიაკომპანიებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს შესაძლოა არა მხოლოდ ტურიზმზე, არამედ ვაჭრობაზე, ბიზნესზე, სტუდენტებზე, ოჯახებზე და ადამიანურ კავშირებზე ჰქონდეს გავლენა“.

მისი მთავარი არგუმენტი სწორედ ფერეიდნელ ქართველებთან კავშირების შენარჩუნებაა.

მოუჯანის შეფასებით, ირანში მცხოვრებ ქართველებსა და საქართველოს საზოგადოებას შორის ურთიერთობის შეზღუდვა მხოლოდ რამდენიმე საჰაერო მარშრუტის დაკარგვას არ ნიშნავს – ეს საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ადამიანური და ეკონომიკური ქსელის შემცირებასაც გამოიწვევს.

მოუჯანი ასევე ამბობს, რომ „ქვეყნის განვითარება არ უნდა ეფუძნებოდეს არჩევანს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის“.

„პირიქით, საქართველოს შეუძლია თავად იქცეს სხვადასხვა მიმართულების დამაკავშირებელ ადგილად“, – წერს ის.

ირანის ელჩის ამ პოსტს წინ უძღოდა მის მიერვე 12 სექტემბერს გაკეთებული განცხადება თბილისის გადაწყვეტილებაზე, შეუერთდეს ახალ ამერიკულ სანქციებს ირანის წინააღმდეგ.

„საქართველოს ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც დასავლეთის სანქციებიდან გამომდინარე გარკვეული შეზღუდვების დაწესებას უკავშირდება, არის გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, როგორც ამ ქვეყნის არჩევანს […]. შესაძლოა, სწორედ ამ ახლის არჩევანში ახალი მეგობრობებიც ჩამოყალიბდეს.საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ჩვენი პატივისცემა და მეგობრობა უცვლელია; ისევე, როგორც ირანისა და ირანელთა არჩევანის უფლებაც პატივსაცემია“, – დაწერა ალი მოუჯანიმ 12 სექტემბერს.

8 სექტემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანის საავიაციო სექტორის მხარდაჭერისთვის 36 კომპანიასა და ორგანიზაციას სანქციები დაუწესა. აშშ-ის განცხადებით, ირანის ხელისუფლება საავიაციო სექტორს იარაღის, პერსონალისა და უკანონო ტვირთების გადასაზიდად იყენებს. სანქციები ეხება იმ ავიაკომპანიებსაც, რომლებიც საქართველოში დაფრინავენ.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ ირანულ ავიაკომპანიებთან დაკავშირებით აშშ-ს სანქციებს დაიცავს.

ალი მოუჯანის განცხადებებზე კითხვა დაუსვეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.

მისი თქმით, „ასეთ თემებზე საჯარო განცხადების გაკეთება არასწორია“.

„თუ ჩვენ რაიმე გვექნება სათქმელი ელჩთან, ელჩთან ვისაუბრებთ ამ თემასთან დაკავშირებით. ზოგადად ჩვენს პოლიტიკას რაც შეეხება, თქვენ იცით, როგორია ჩვენი მიდგომა – თუ მოქმედებს საერთაშორისო სანქციები, ჩვენ ასეთი სანქციების რეჟიმს ყოველთვის ვუერთდებით ხოლმე. ჩვენ არ ვუშვებთ სანქციების გვერდის ავლას და ვუერთდებით სასანქციო რეჟიმს. ეს არის ჩვენი ზოგადი პოლიტიკა, რასაც ყველა გეგებით უნდა მოეკიდოს. დანარჩენი თუ რამე სასაუბრო გვექნება ამა თუ იმ დიპლომატთან, რა თქმა უნდა, ორმხრივ რეჟიმში მათთან ვისაუბრებთ“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.