მოსკოვის ოლქში, 12 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე, ორი მოზარდი გოგო დააკავეს…

შემზარავი დანაშაული რუსეთში – მოსკოვის ოლქში, 12 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე, ორი მოზარდი გოგო დააკავეს…
მოსკოვის ოლქში, 12 წლის მეექვსეკლასელის სასტიკი მკვლელობის საქმეში, ორი არასრულწლოვანი გოგო ფიგურირებს. სასამართლომ ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით ორი თვით პატიმრობა შეუფარდა.
ტრაგედია ორეხოვო-ზუევოს საქალაქო ოლქის სოფელ კაბანოვოში მოხდა. 12 წლის ბიჭი 26 აგვისტოს გაუჩინარდა. დედამ პოლიციას მიმართა, რის შემდეგაც ბავშვის ძებნაში, სამართალდამცველებთან ერთად, მოხალისეები და ადგილობრივებიც ჩაერთნენ.
მოგვიანებით, ბიჭის ცხედარი მიტოვებული შენობის სარდაფში იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, ბავშვის სხეულზე ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები იყო. საქმეზე გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო.
რუსული მედიის ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი გოგონები 15 და 16 წლისები არიან.
გამოძიების ვერსიით, ისინი ბიჭს იცნობდნენ. REN TV-ის წყაროს ინფორმაციით, მოზარდებმა, შესაძლოა, დანაშაული წინასწარ დაგეგმეს – თან წაიღეს დანები და ხელთათმანები, ტელეფონები კი სახლში დატოვეს, რათა მათი გადაადგილების დადგენა გართულებულიყო.
ბიჭი მიტოვებულ შენობაში “პაემანზე” მიიწვიეს და სწორედ იქ მოხდა თავდასხმა. ყველაზე შემზარავი ვერსია დანაშაულის შესაძლო მოტივს ეხება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მოზარდებს თითქოს “უნდოდათ ენახათ, როგორ კვდება ადამიანი და თავი ჯალათების როლში ეგრძნოთ.” ერთ-ერთი დაკავებულის მამამ REN TV-ს განუცხადა, რომ მისი შვილი დანაშაულს აღიარებს და ნანობს.
გარდაცვლილ ბიჭს ახლობლები მშვიდ და კეთილ ბავშვად ახასიათებენ. დედის თქმით, მიხეილს მოტოტექნიკა უყვარდა, სოციალური ქსელებისთვის ვიდეოებს იღებდა და საკუთარი ფულით კომპიუტერის საყიდლადაც აგროვებდა თანხას.
29 აგვისტოს, 12 წლის ბიჭი დაკრძალეს. მას ოჯახის წევრები, მეგობრები, თანაკლასელები და ადგილობრივები დაემშვიდობნენ, მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებიც რამდენიმე დღით ადრე მის ძებნაში მონაწილეობდნენ… საქმის გამოძიება გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, კობახიძე იძულებული გახდა, თავისი გადაწყვეტილებით უნივერსიტეტებში ჩარიცხოს ის 1795 აბიტურიენტი, ვინც ეროვნულ გამოცდებზე გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი