მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი არის გახსნილი, სამწუხაროა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებიან სხდომას, ისინი არიან ბოიკოტის რეჟიმში, თუმცა, ხელფასის აღებას ბოიკოტს არ უცხადებენ
მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი არის გახსნილი, სამწუხაროა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებიან სხდომას, ისინი არიან ბოიკოტის რეჟიმში, თუმცა, ხელფასის აღებას ბოიკოტს არ უცხადებენ
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ტრადიციულად არის გახსნილი და გამჭვირვალე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის შესახებ.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ტრადიციულად არის გახსნილი და გამჭვირვალე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში, თუმცა სამწუხაროა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საერთოდ არ ესწრებიან სხდომას. როგორც ჩანს, მათ ასე ესმით საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება. ისინი არიან ბოიკოტის რეჟიმში, თუმცა, ხელფასის აღებას ბოიკოტს არ უცხადებენ, ასეთი მოცემულობა გვაქვს,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს – გიზო უბილავას, ბადრი შონიას და გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმინა. კანდიდატების მოსმენის პროცესში მონაწილეობა მიიღეს ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ და ასევე, არასაპარლამენტო სუბიექტების – ადვოკატთა ასოციაციის და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა. კანდიდატების მოსმენის პროცესში საპარლამენტო ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა გასაუბრების პროცესში შეკითხვებს უპასუხეს, მათ შორის: სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მოგებულ საქმეებზე, სასამართლოს სისტემის გამოწვევებზე, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე, სასამართლო სისტემის გამჭვირვალობაზე, 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და სასამართლო ხელისუფლების საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებაზე.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატი მოქმედი მოსამართლეა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამივე კანდიდატს – გიზო უბილავას, ბადრი შონიას და გოჩა ჯეირანაშვილს მხარი დაუჭირა. კომიტეტის გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის აღნიშნულ კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე, განხილვის გარეშე, კენჭს უყრიან.
Next: ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჩვენ გვიწუნებს ჩინეთთან ურთიერთობას, მაშინ, როცა აშშ-სა და ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა დაახლოების 575 მილიარდი აშშ დოლარია და ჩინური ინვესტიცია შტატებში 35 მილიარდ დოლარს აჭარბებს
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.