მოსამართლემ გრიგოლ ლილუაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ ლილუაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელა და მისთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. ამის შესახებ პროკურორმა პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაგრძელებულიყო წინასასამართლო სხდომის ვადა. პროცესის მიხედვით, საკითხი მოითხოვს შემდგომ უკვე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვას. ვინაიდან ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილს შეფარდებული აქვს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, სასამართლომ იმსჯელა მის პროპორციულობაზე, რელევანტურობაზე, ბრალდების მხარემ წარუდგინა პოზიცია, რომ საფრთხეები, რაც არსებობდა, კვლავ ძალაშია. დაცვის მხარემაც მისი პოზიცია დააფიქსირა სასამართლოს წინაშე. დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პატიმრობა ძალაში დაეტოვებინა“,- განაცხადა პროკურორმა.
რაც შეეხება მტკიცებულებებს, მარიამ ბერძენიშვილის განმარტებით, საქმეზე გამოძიება გრძელდება, რაც ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ მოცულობითი ინფორმაცია არის გამოძიების მიერ მოპოვებული.
„რა თქმა უნდა, არსებობს საქმეში პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები, თუმცა ამ ეტაპისთვის, ვინაიდან ჩვენ ჯერ გამოძიება დასრულებული არ გვაქვს, იმისთვის, რომ გამოძიებას საფრთხე არ შეექმნას და სრულყოფილი შედეგი მივიღოთ ამ სისხლის სამართლის საქმეზე, ვერ მოგახსენებთ იმ მოწმეების შესახებ, რომლებიც საქმეზე არიან გამოკითხულები და თავისთავად ვერც შინაარსზე ვერ ვისაუბრებ“,-განაცხადა პროკურორმა.
რაც შეეხება კითხვას, მოსალოდნელია თუ არა ბრალის დამძიმება, ეს მტკიცებულებების ერთობლიობაზე იქნება დამოკიდებული.
„მტკიცებულებების ერთობლიობა, რა მოცემულობასაც მოგვცემს, იმის მიხედვით ხდება გადაწყვეტილების მიღება. არც ეს საქმე არის გამონაკლისი. თუ შესაბამისი მტკიცებულები იქნება, შესაძლოა, ბრალი დამძიმდეს, ამას უკვე გამოძიება გვიჩვენებს“, – განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა