„მოსალოდნელია, რომ მოკლევადიან პერიოდში საწვავზე ფასების კლების ტენდენცია გაგრძელდება“ – ზაალ იაკობიძე

„მოსალოდნელია, რომ მოკლევადიან პერიოდში საწვავზე ფასების კლების ტენდენცია გაგრძელდება“, – ამის შესახებ „სენტა ოილის“ დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში საწვავზე ფასების კლება საერთაშორისო ბაზარზე ფასების შემცირებამ და ლარის სტაბილურმა გაცვლითმა კურსმა განაპირობა.
„საერთაშორისო ბაზარზე ფასების კლების ტენდენციაა დაფიქსირებული და საკმაოდ დაბალ ნიშნულზე ნავთობპროდუქტების მაჩვენებლები.
ჩვენს ბაზარზე უკვე აისახა კლების ტენდენცია და უკვე შესამჩნევია, რომ ფასები შემცირდა. ეს პროცესი დღემდე გრძელდება. პირველ რიგში ეს საბითუმო ბაზარს ეტყობა ხოლმე და აქ უკვე სერიოზული ცვლილებები განხორციელდა. ნელ-ნელა ამის ასახვა ხდება ბენზინგასამართ სადგურებზე. საწვავი დაახლოებით 50-60 თეთრით არის გაიაფებული“, – აღნიშნა ზაალ იაკობიძემ.
როგორც მან განმარტა, გრძელვადიან პროგნოზზე საუბარი არასერიოზულია, რადგან ამ ბაზარზე ვითარება მუდმივად იცვლება.
„მოკლევადიან პერიოდში ალბათ ისევ კლების ტენდენცია გაგრძელდება, ხოლო გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება არ იქნება სერიოზული და რეალობასთან ახლოს. კარგად გვახსოვს ჩვენი ექსპერტები როგორ საგანგაშო ვითარებას სახავდნენ, რომ ფასები 4 ლარს გადააჭარბებს და ა.შ. რომლებიც, საბედნიეროდ, არ გამართლდა“, – განაცხადა ზაალ იაკობიძემ.
რადგან არაბრენდირებული საწვავის საბითუმო ფასი საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა და დაახლოებით 2,4 ლარია, სადღაც ალბათ მოსალოდნელია რომ ეს ფასი ბენზინგასამართ სადგურებზე 2,6 ლარი გახდეს“, – განაცხადა ზაალ იაკობიძემ.
მისივე თქმით, ფასის კლების ტენდენცია ფიქსირდება ასევე დიზელის საწვავზეც, თუმცა, არა იმდენად, რამდენადაც ბენზინზე.

ასევე დაგაინტერესებთ

„მინდა, ვთხოვო მშობლებს, როდესაც ბავშვები მოვლენ სახლებში და გეტყვიან, რომ მათი მასწავლებელი პოლიტიკაზე ელაპარაკება, დარეკონ განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე“ – ლადო მგალობლიშვილი