ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოკრივე ლაშა გურულმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მოკრივე ლაშა გურულმა (63,5) ოლიმპიადის ნახევარფინალში იასპარეზა. ის კუბელ ერისლანდი ალვარეს ბორხესს დაუპირისპირდა, შეხვედრა 0:5 დათმო და სადებიუტო ოლიმპიადაზე ისტორიული ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დაჯილდოების ცერემონია 7 აგვისტოს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ლაშა გურულმა ოლიმპიადის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვთან გამართა. ქართველმა სპორტსმენმა მეტოქე 5:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ყაზახ ბაზარბაი მუჰამედსაბირის 3:2 სძლია და ბრინჯაოს მედალიც გაინაღდა.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 27 წლის ლაშა გურული გახდა მეორე ქართველი მოკრივე, რომელმაც ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2000 წელს სიდნეიში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ვლადიმერ ჭანტურიამ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ლაშა გურული ევროპული თამაშების ვიცეჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატის ორი ვერცხლის მედლის მფლობელია.
ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ოთხი ოლიმპიური მედალია. პარიზის ოლიმპიადაზე ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაურმა კი მეორედ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის დასაკუთრება.
ლაშა გურულის მოპოვებული ჯილდო დამოუკიდებელი საქართველოს 44-ე ოლიმპიური მედალია. ასევე, ეს არის მე-19 ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი, რომელთაგან ორი მოკრივეების ანგარიშზეა.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.