ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„მოიცალონ სტომატოლოგებისთვის, რადგან კბილის ტკივილი ყოველთვის ძალიან მწარეა“ - სტომატოლოგები ჯანდაცვის სამინისტროს პასუხის მოლოდინში

„მოიცალონ სტომატოლოგებისთვის, რადგან კბილის ტკივილი ყოველთვის ძალიან მწარეა“ - სტომატოლოგები ჯანდაცვის სამინისტროს პასუხის მოლოდინში

სტომატოლოგები თვეზე მეტია ჯანდაცვის სამინისტროსგან არსებულ კითხვებზე პასუხებს ელოდებიან. ექიმების გაურკვეველი მდგომარეობა მთავრობის 432-ე დადგენილებას უკავშირდება, რომელიც სტომატოლოგებს უწყვეტ სამედიცინო განათლების სისტემაში ჩართვასა და ტრენინგებზე დასწრების ვალდებულებას აკისრებს. დადგენილების თანახმად 2025 წლის 1-ელი იანვრიდან, სტომატოლოგებს ვალდებულება უჩნდებათ, რომ შესაბამის აკრედიტებულ ტრენინგებზე დასწრებით წელიწადში მინიმუმ 20 უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) ქულა დააგროვონ.
,,ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგამ’’ სამინისტროს წერილობით კითხვები გაუგზავნა. ორგანიზაციამ პასუხად მიიღო, რომ სამინისტრო პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა ლიგაში განმარტავენ, რომ მათ არსებულ კითხვებზე ნათელი და ამომწურავი პასუხები ვერ მიიღეს. ამის შემდეგ, ორგანიზაციამ პრემიერ-მინისტრის აპარატს მიმართა და მთავრობის მეთაურთან შეხვედრა მოითხოვა. პრემიერს ასევე სთხოვეს, სამინისტროსთვის დაევალებინა არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემა. წერილი მეორე დღესვე პრემიერ-მინისტრის აპარატიდან ჯანდაცვის უწყებაში გადამისამართდა. ,,ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის“ ხელმძღვანელი ირინა ბერკაცაშვილი აცხადებს, რომ როგორც ჩანს სამინისტრო 30-დღიან ვადას იყენებს. ლიგა პასუხს 23 ოქტომბერს ელოდება.
,,ალბათ იმავეს მოგვწერენ, რომ აქტიურად მიმდინარეობს ტრენინგები და ყველა გადის მას. პასუხში ეწერა 40 ტრენინგის სია. ნაწილი ჩატარებული იყო უკვე. მათი ნაწილი ერთჯერადად ტარდებოდა. სტომატოლოგებმა ვერ მოახერხეს ტრენინგების გავლა, რადგან საქართველოში რამდენიმე ათასი სტომატოლოგია. თითო ტრენინგზე დასწრების მაქსიმალური რაოდენობა არის 20 სტომატოლოგი. ანუ, ფიზიკურად ვერ წვდება ეს ტრენინგები რაოდენობას. გარდა ამისა, რეგიონებში დღემდე არ ტარდება ტრენინგები. ყველა იძულებულია ჩამოვიდეს თბილისში. თუ ტარდება ეს არის ერთჯერადად. ყურმოკრული ინფორმაცია, ნაცნობ-მეგობრებით ყველას გამოაქვს, მაგრამ არ ვიცით, რეალურად რა ჩაიდება ამ კანონის მიღმა, რა მოთხოვნა ექნება რეგულირების სააგენტოს. ჩვენ არ გვინდა დავრჩეთ მოტყუებულები. ჯანდაცვის ლიგა არასდროს არ იქნება ჭორების მსმენელი და გამავრცელებელი.’’- აცხადებს ,,ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის ხელმძღვანელი’’ ირინა ბერკაცაშვილი.
,,კომერსანტთან’’ საუბარში ირინა ბერკაცაშვილი იმ პრობლემურ და გაურკვეველ საკითხებზე საუბრობს, რომელიც ამ დრომდე ბუნდოვანია. მთავარ პრობლემად ის ერთიანი და გარკვეული პასუხების არარსებობას ასახელებს. სტომატოლოგებისთვის ამ დრომდე გაუგებარია, შეეზღუდებათ თუ არა სტომატოლოგებს მუშაობის უფლება არასაკმარისი ქულების რაოდენობის შემთხვევაში.
,,ჩვენ გვინდა დაზუსტებული ინფორმაცია სამინისტროსგან რას გეგმავს, რა გვევალება? კანონში ზუსტად ამ სიტყვებით წერია, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან შედის ეს პუნქტი ძალაში, რომ სტომატოლოგი ყოველწლიურად უნდა აგროვებდის 20 ქულას, მაგრამ გუშინ გამოჩნდა ჩანაწერი, რომ 2025 წლის 1 იანვრისთვის ფლობს 20 ქულას. ერთმანეთს თითქოს ეწინააღმდეგება. ჩვენ გვინდა ზუსტი განმარტება სამინისტროსგან, რომ არ ვდიოთ, რომელიღაცა ასოციაციის გამოტანილ ინფორმაციას. 16 ასოციაცია გვაქვს საქართველოში. 16 ასოციაციის რომელიღაცა თანამშრომელი რას გამოიტანს ნაცნობ-მეგობრებით ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს სამინისტროს კონკრეტული პოზიცია, რა პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით 1 იანვარს. ჩვენ საღი აზროვნებით შევიტანეთ შეკითხვები და საღად მოაზროვნე ადამიანების პასუხი გვაინტერესებს. გამოვიდა ასეთი ჭორი, რომ 1000 ლარით დაჯარიმდება კლინიკა. გავიგეთ, რომ კლინიკა ჯარიმდება, თუ კი მის დასაქმებულ ექიმს არ ექნება 20 ქულა. მაგრამ ერთი და ორი თანამშრომლის მყოლი კლინიკაც დაჯარიმდება 1000 ლარით და 58 თანამშრომლიანიც. წარმოიდგინეთ, რამხელა კონფლიქტს გამოიწვევს ეს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის. ან თუნდაც თანამშრომლებს შორის. ძალიან ურთულებენ სტომატოლოგებს საქმეს, ამ არასწორი გადაწყვეტილებებით და ნაცნობ-მეგობრული გადაწყვეტილებებით. მე არ მინდოდა ვყოფილიყავი რადიკალური და ვცდილობდი არ მელაპარაკა დეტალებზე და ველოდებოდი პასუხებს, მაგრამ ახლა უკვე თავს ვაძლევ უფლებას, რომ მყარად დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რადგან ასე გაკეთებული საქმე ჩვენს პროფესიონალიზმს არ აამაღლებს. ‘’- აცხადებს ირინა ბერკაცაშვილი.
კანონის თანახმად კლინიკა, რომელიც სათანადო ქულების მქონე სტომატოლოგს ასაქმებს 1000 ლარით დაჯარიმდება. თუმცა უცნობია რამდენჯერ მიმართავს რეგულირების სააგენტო დაჯარიმებას, ასევე გაუგებარია შეუწყდება, თუ არა 20 ქულაზე ნაკლების ქონის შემთხვევაში ექიმს საქმიანობის უფლება.
,,შენ თუ მაჯარიმებ 1000 ლარით 2025 წელს და 10 დღეში ისევ შემოხვალ, ან ერთ თვეში, ან 1 წელში, კიდევ დამაჯარიმებ, 2027 წელს რატო გაგყავარ გამოცდაზე? ან ჯარიმები უნდა იყოს ან ქულების მოგროვება, ან გამოცდის ჩაბარება. ესეც ძალიან გაურკვეველია. გუშინ გავიგე, არ უჩერდებათო საქმიანობის უფლება სტომატოლოგებსო. ანუ მიდიხარ აჯარიმებ, აჯარიმებ, აჯარიმებ სანამდე? რა შედეგი გვინდა რომ დავდოთ? პროფესიონალიზმის მიღწევა? ამ შედეგს ვერ დავდებთ ამით. ჩვენ ვაღწევთ მხოლოდ იმას რომ სტომატოლოგებს ვახარჯინებთ ფულს, გარკვეული პირების ბიზნესის ასაწყობად. ‘’- აცხადებს ირინა ბერკაცაშვილი.
,,ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის’’ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ისინი ახლა სამინისტროს პასუხის მოლოდინში არიან. რას მოიმოქმედებენ ლიგის წევრი სტომატოლოგები? შემდგომი ნაბიჯები, სწორედ სამინისტროს პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.
,,მესმის, რომ ცუდ პერიოდს დაემთხვა. კარგად ვიაზრებთ თითოეული სტომატოლოგი, რომ არჩევნების წინა კვირაა და ჩვენთვის ალბათ არ სცალიათ, მაგრამ მოვუწოდებ, რომ მოიცალონ სტომატოლოგებისთვის, რადგან კბილის ტკივილი ყოველთვის ძალიან მწარეა თითოეული პარტიის წარმომადგენლისთვის და რა თანამდებობაზეც არ უნდა იჯდეს ადამიანი. მედიცინა ისეთი დარგია, რომელიც საერთოდ არანაირად არ უნდა იყოს პოლიტიკაზე და პოლიტიკურ პარტიულ ხედვებზე დამოკიდებული. დღეს ჩემთვის და ნებისმიერი სტომატოლოგისთვის სულ ერთია, რა პოლიტიკური მდგომარეობაა, ვინ არის მინისტრი, ვინ სად ზის, რომელ კაბინეტში. ჩვენთვის სახელები და გვარები აბსოლუტურად სულ ერთია. არჩევნებით არაფერი არ უნდა იცვლებოდეს. ეს კანონი არჩევნების მერე არ შეიცვლება. ანუ, კანონი არსებობს, მას აქვს მინიჭებული იურიდიული ძალა. ჩვენ ამ კანონს არც კი ვეწინააღმდეგებით. რადგან ვთვლით, რომ მედიცინით დაკავებული ადამიანი ყოველთვის უნდა იზრდებოდეს პროფესიულად. მაგრამ არა ამ სახით. არანაირად არ მაინტერესებს, რომელი პარტიის წარმომადგენელი ზის სამინისტროში. მე მჭირდება მივიღო პასუხი. თუ იმისი ილუზია აქვს, რომ დღეს იქ ზის და ხვალ არ იქნება და პასუხს არ გაგვცემს და არაუშავს, ხვალ ვინც მოვა ის გაგვცემს, ეს ძალიან არასწორი ხედვაა.’’- აცხადებს ირინა ბერკაცაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.