მოვუწოდებთ ყველა მონაწილე პარტიას, იყოს აღებული ვალდებულებების ერთგული – ალიანსის 8 პარტია

ოპოზიციის ალიანსში შემავალი 8 პარტია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ 18 აპრილს გაკეთებულ საჯარო განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად.
განცხადებაში ალიანსი მოუწოდებს ყველა მონაწილე პარტიას, რომ მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის კონფრონტაციული განცხადებებისგან და იყოს მის მიერ საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული,
“ალიანსში შემავალი პარტიები: “ახალი”, “გირჩი მეტი თავისუფლებისთვის”, “დროა”, “ეროვნულ დემოკრატიული პარტია”, “ევროპული საქართველო”, “თავისუფლების მოედანი”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ფედერალისტები”, მიზანშეწონილად მიიჩნევს საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს მიხეილ სააკაშვილის მიერ 18 აპრილს გაკეთებულ საჯარო განცხადებაზე:
ალიანსი შეიქმნა უმნიშვნელოვანესი მიზნის მისაღწევად: პროდასავლური პოლიტიკური ძალებისა და ქართული საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობით საქართველო გათავისუფლდეს ივანიშვილის არალეგიტიმური რუსული რეჟიმისგან.
ალიანსის საქმიანობის უმნიშვნელოვანეს და აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს წევრებს შორის ურთიერთთანამშრომლობის და ურთიერთპატივისცემის რეჟიმში საქმიანობა და ურთიერთთავდასხმებისაგან თავშეკავება. პოლიტიკური მოსაზრების გამოხატვაში პოლიტიკური ლიდერის (მით უფრო, პოლიტიკური პატიმრის) შეზღუდვა არ წარმოადგენს ალიანსის არც კომპეტენციას და არც მიზანს, თუმცა, პერსონალური თავდასხმები, როგორადაც ალიანსმაც და საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმაც აღიქვა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, ეწინააღმდეგება აღნიშნულ პრინციპებს, მათ შორის დათქმას იმის შესახებ, რომ არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად.
ალიანსი მოუწოდებს ყველა მონაწილე პარტიას, რომ მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის კონფრონტაციული განცხადებებისგან და იყოს მის მიერ საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული”. – ნათქვამია ოპოზიციის ალიანსის 8 პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ექსპრეზიდენტი 18 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობდა, რომ “2024 წელს ერთმა არცთუ უნიჭო და ენერგიულმა პოლიტიკოსმა, რომელიც სულ ცდილობდა ახალი მიშა გამხდარიყო, ოღონდ მიშას დაგმობის ხარჯზე, ძალიან ბევრი იარა რეგიონებში ამ ლოზუნგით და თითქმის ვერაფერს ვერ მიაღწია და ეს უნდა იყოს გაკვეთილი”.
“[…] მინდა შეგახსენოთ, რომ 2021 წელს, ჩემმა 2 დღით (თუნდაც ფარულად) გადაადგილებამ საქართველოში, საშუალება მისცა ოპოზიციას, მინიმუმ ყველგან დასავლეთ საქართველოში არჩევნების მოგების, ესე იგი ჩვენ წამოვიყვანეთ ივანიშვილის ამომრჩეველიც. ასე რომ ის, რომ მიშა გვაუცხოებს მეორე მხარესთან, სრულიად მცდარია და 2021 ისევე როგორც 2018 აჩვენებს (როცა ბაქრაძეს რომ არ დაეყენებინა კანდიდატურა, გრიგოლ ვაშაძე, პირველივე ტურში მოიგებდა), რომ ე.წ. ქოცური ამომრჩევლების წამოყვანა ყველაზე კარგად მე შემიძლია.
იმიტომ რომ ივანიშვილის ამომრჩევლის უმეტესი ნაწილი, არის ჩემი ყოფილი ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მომცა 2018 და 2021-შიც, ამიტომ როცა იმავე რეგიონებში ზოგიერთი თქვენგანი მიდის ლოზუნგით „არც მიშა, არც ბიძინა“, ბუნებრივად განიცდით სულ კრახს.
ასე მაგალითად, 2024 წელს ერთმა არცთუ უნიჭო და ენერგიულმა პოლიტიკოსმა, რომელიც სულ ცდილობდა ახალი მიშა გამხდარიყო, ოღონდ მიშას დაგმობის ხარჯზე, ძალიან ბევრი იარა რეგიონებში ამ ლოზუნგით და თითქმის ვერაფერს ვერ მიაღწია და ეს უნდა იყოს გაკვეთილი.
უფრო მეტსაც გეტყვით, ზოგიერთ ოპოზიციონერზე ბევრად უფრო სახალხო პოლიტიკოსი იყო სრულიად ბნელი და ამორალური ღარიბაშვილი და ამიტომაც დაიჭირა პატრონმა, უნგრეთში მადიარის გამოჩენის შემდეგ ჩაანაცვლა სოციოპათი კობახიძით.
ახლა ივანიშვილი სულ უფრო ჩნდება თავის ოჯახთან ერთად, რითაც ამზადებს თავისი ერთ-ერთი შვილის ხელისუფლებაში მოყვანას და გვაჩვევს დინასტიურ მმართველობას.
ყველაფერი ეს გვაჩვენებს, რომ ჩვენი გზა ვერ იქნება უნგრული და უნდა იყოს ქართული და ქართველების გზა არის რევოლუცია”. – წერდა სააკაშვილი.