თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მის გარემოცვის საქმეზე, სადაც მათ თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას, ასევე დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, სასამართლო ადვოკატების დასკვნითი სიტყვების მოსმენაზე გადავიდა.შემდეგი სხდომა ხვალ, 17 აპრილს, ისევ ადვოკატების დასკვნითი სიტყვებით გაგრძელდება. საბოლოო სიტყვით უნდა წარდგნენ ბრალდებულებიც [ჯუანშერ ბურჭულაძე, გიორგი ხაინდრავა, ვლადიმერ ღუდუშაური და ვასილ მხეიძე]. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განაჩენს, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებშივე, მომავალ კვირაში გამოიტანს.ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი მარიამ შათირიშვილი აცხადებს, რომ ბრალდება ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი პირის, ასევე ბრალდებული ვლადიმერ ღუდუშაურის ჩვენებას ეყრდნობა, რომელსაც საკუთარი მდგომარეობის შემსუბუქების, საპროცესო შეთანხმების მიღწევის მოტივაცია ამოძრავებდა და მიკერძოებულია.ვლადიმერ ღუდუშაურის ჩვენებას დაეყრდნო თავის დასკვნით სიტყვაში ვასილ მხეიძის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძეც. ის ხაზს უსვამს, რომ თავის აღიარებით ჩვენებაში ღუდუშაურს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს ვასილ მხეიძეზე. და თუ მას კომუნიკაცია არ ჰქონია სხვა ბრალდებულებთან, როგორ გაუწევდა მათ დახმარებას დანაშაულებრივ საქმიანობაში, კერძოდ, როგორ დაეხმარებოდა თანხის გაფლანგვაში, რაც არის სწორედ მხეიძის მიმართ წარდგენილი ბრალი.„ღუდუშაურს ვინმე დაასწრებდა ამის თქმას?!“ — სვამს რიტორიკულ კითხვას ადვოკატი.კაკაბაძის თქმით, საქმის მასალებში არაფერი, არცერთი მოწმის ჩვენება, მათ შორის, თავად საქმის მთავარი გამომძიებელი არ მიუთითებს მხეიძის შესაძლო კავშირზე სხვა ბრალდებულებთან [ღუდუშაურთან და ხაინდრავასთან]. მას კავშირი მხოლოდ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ჰქონდა, რომლის ცოლის ძმაცაა. თუმცა ბურჭულაძეს პროკურატურა თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება და არა გაფლანგვას, რომ მხეიძე მას დახმარებოდა.შეგახსენებთ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის წევრად ითვლება. ბრალდებულებიდან გირაოთია გამოშვებული მხოლოდ ზემოთ ნახსენები ვლადიმერ ღუდუშაური. იგი თავდაცვის სამინისტროში უწყების შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელია. მასთან დაკავშირებით, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება მიღწეულია — 4-წლიანი პირობითი მსჯავრისა და 10 000-ლარიანი ჯარიმის პირობით, რაც ღუდუშაურს გირაოს სახით უკვე გადახდილი აქვს. ღუდუშაურმა დანაშაული აღიარა და პასუხისმგებლობა ყოფილ მინისტრს დააკისრა.პროკურატურა დავობს, რომ ყოფილმა მინისტრმა და მისმა გარემოცვამ ბაზრის კვლევის გარეშე შეისყიდეს სამედიცინო ინვენტარი ერთ-ერთი კომპანიისგან.“2 606 272 ლარად ღირებული აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიეწოდა 3 940 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა”, – ასეთია ბრალდება ბურჭულაძის მიმართ მის 2023 წელს განხორციელებულ სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით.გარდა ამისა, ბურჭულაძეს ედავებიან 2025 წლის იანვარში ესპანეთში 544 000 ევროს ღირებულების მიწის ნაკვეთისა და სახლის შეძენას. ქონების წარმოშობის დასამალად, შესანიღბად და კანონიერი სახის მისაცემად, გარეშე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას. ესპანეთში ბურჭულაძის ცოლის სახელზე გაფორმებული სახლი ამ დროისთვის დაყადაღებულია.თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე 11 სექტემბერს დააკავეს. წარდგენილი ბრალის გათვალისწინებით, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება [სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტი და 332-ე მუხლის მეორე ნაწილი].ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას პროკურატურა დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს — გაფლანგვაში დახმარებას. მუხლები, რომლითაც მათ ბრალი აქვთ წარდგენილი [სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი], სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.საპროცესო შეთანხმების დადება პროკურატურამ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამორიცხა ღუდუშაურის გარდა დანარჩენ ბრალდებულებთან — თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბურჭულაძესთან, მის მოადგილე გიორგი ხაინდრავასთან და ცოლის ძმა ვასილ მხეიძესთან.„ბრალდების მხარე ითხოვს ჯუანშერ ბურჭულაძის, ვასილ მხეიძისა და გიორგი ხაინდრავას დამნაშავედ ცნობას მათთვის ბრალად წარდგენილ ქმედებებში. ასევე წარდგენილ იქნა ვლადიმერ ღუდუშაურთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმება.ბრალდების მხარემ მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებებიდან, ბრალდებულთა დამოკიდებულებიდან და მათ მიერ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე. ყველა ბრალდებულის მიმართ საკითხი ინდივიდუალურად იქნა განხილული. ღუდუშაურთან მიმართებით გათვალისწინებული იქნა მისი მხრიდან, მათ შორის, გამოძიების ეტაპზე თანამშრომლობა და სასამართლოში გაკეთებული განცხადებებისასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, ვლადიმერ ღუდუშაურის გარდა, სხვა ბრალდებულების – ჯუანშერ ბურჭულაძის, ვასილ მხეიძისა და გიორგი ხაინდრავას მიმართ. ეს ნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე ეს გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება. შესაბამისად, ბრალდების მხარე ითხოვს მათ მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებებში გამტყუნებას და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას“, — განმარტა პროკურორმა ანი ლეკიაშვილმა მედიასთან მას შემდეგ, რაც სასამართლოს ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა წარუდგინა.



