მმართველი გუნდი, ევროპული რეკომენდაციების შესრულების გეგმაზე, სამუშაო შეხვედრას გამართავს - დაჯდება თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიცია
ევროპული რეკომენდაციების შესრულების გეგმა და ოპოზიციის გაურკვეველი სტრატეგია - მმართველი გუნდი ორშაბათს, პოლიტიკურ ჯგუფებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, სამუშაო შეხვედრას გაიმართავს. მმართველი პარტია არგუმენტირებული წინადადებების მოსასმენად კარს ხსნის, თუმცა, ოპოზიციის ნაწილს ჯერ არ გადაუწყვეტია - დაჯდება თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლაშა ფარულავას თქმით, მმართველი გუნდი ევროკავშირის 9 პუნქტის შესრულებას არ აპირებს.
"ქართული ოცნების" მიზანი არ არის 9 პუნქტის შესრულება. არჩევნები შემოდგომაზე იქნება გარდამტეხი, რომლის შემდეგაც დემოკრატიული ძალები დავიწყებთ 9 პუნქტის შესრულებასა და დაჩქარებული ტემპებით საქართველოს შეყვანას ევროკავშირში, სადაც არის ღირსეული ცხოვრების პირობები," - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, პოლიტიკური სპექტრისთვის ახლა მთავარი გამოწვევა 9 პუნქტის შესრულებაა, იმისთვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნისთვის კიდევ უფრო რეალური გახდეს. შესაბამისად, მანჯგალაძე ამბობს, რომ მისი პოლიტიკური გუნდი, პირობების შესასრულებლად, ყველა ფორმატში მიიღებს მონაწილეობას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.