ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილმა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატი ჩაიდინა

"გუშინ ივანიშვილმა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატი ჩაიდინა. საქართველოს ჰყოლია მოღალატე ფეოდალები, ჰყოლია ორჯონიკიძეები, მაგრამ არასდროს არ ჰყოლია მოღალატე მმართველი პირველი პირი. თავისი გამოსვლით მან გაამართლა რუსეთის თავდასხმა, ადამიანების განადგურება, სოფლების მიწასთან გასწორება.
ნაცვლად იმისა, რომ მას რუსეთისგან ბოდიშის მოხდა მოეთხოვა იმ უბედურებისთვის, რაც მათ ჩვენს ქვეყანას დაატეხეს თავს, მან ქართველებს მოსთხოვა დამპყრობლისთვის ბოდიშის მოხდა. ამ სირცხვილს ჩვენ კარგა ხანს ვერ ჩამოვირეცხავთ.
დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს ღირსეულ პასუხს გასცემს ამ უპატიებელ ღალატს!" - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისათვის,  “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ,  ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: “26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.”
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.