მიუნხენში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს მართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება 17-18 თებერვალს, შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას ავრცელებს უწყების პრესსამსახური.
დღეს, 17 თებერვალს, დარჩიაშვილმა გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, სტეფან სეჟურნესთან:
“მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ კავშირებსა და ნაყოფიერ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, რომელიც ეფუძნება საერთო ევროპულ ღირებულებებსა და ინტერესებს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ მაღალი დონის სტრატეგიული ფორმატის „დიმიტრი ამილახვარის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საქმეში”.
კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ევროპის მოკავშირეთა უმაღლეს მთავარსარდალსა და -ს ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ ქრისტოფერ კავოლის.
“ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. აღინიშნა შავი ზღვის რეგიონის გაზრდილი მნიშვნელობა, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური მიმართულებით”, – წერია უწყების პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 1963 წლის შემოდგომაზე დაარსდა და წელს მისი 60 წლის იუბილე აღინიშნება. მასში მსოფლიო ლიდერები ყოველწლიურად მონაწილეობენ საერთაშორისო უსაფრთხოების ყველაზე აქტუალურ საკითხებზე დისკუსიებისთვის.
2023 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველოს იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ