„მინდა ვიცოცხლო“ - ონკოპაციენტები კიდევ ერთხელ მიმართავენ მთავრობას
„მინდა ვიცოცხლო“ - საქართველოს პარლამენტთან ამ გზავნილით გაიმართა ონკოპაციენტების აქცია, რომლის ორგანიზატორიც იყო ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“.
“ჩვენ ვდგავართ სიცოცხლის სადარაჯოზე!”, “მხარდაჭერა ონკოპაციენტებს”, “მინდა სიცოცხლე დამიდექით გვერდით”, - პარლამენტის წინ შეკრებილ ონკოპაციენტებს ხელში პლაკატები ეჭირათ ამ გზავნილებით.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ, რომ ყველა ონკოპაციენტი ინდივიდუალურად, სრულად დაფინანსდეს და არა განსაზღვრული თანხის ოდენობით, რაც მათი თქმით, მოიცავს წლიურ 25 000 ლარიან ლიმიტს, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ონკოპაციენტებისთვის საკმარისი არ არის.
ისინი საუბრობენ ჯანდაცვის სფეროში არსებულ ხარვეზებზეც, კერძოდ, წამლების დეფიციტისა და ქვეყანაში ე.წ. მესამე თაობის მედიკამენტების არარსებობაზე.
ონკოპაციენტები ერთი თვეა აქციების გზით ითხოვენ ჯანდაცვის სამინისტროსგან დაფინანსების ლიმიტის მოხსნას და დროული, უწყვეტი მკურნალობის უზრუნველყოფას. აქციები გამართეს მათ თებერვალში საქართველოს პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.