მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 47 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო ქვეყნის 47 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
„ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ეგვიპტის, ეთიოპიის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, კამერუნის, კენიის, კონგოს, კუბის, ნეპალის, ნიგერიის, რუსეთის, სუდანის, შრი-ლანკისა და ჩინეთის - ჯამში 47 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა
და საქართველოდან გაძევების განხორციელება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.