მთავრობის ნებართვა კანონის მიღებამდე დამტკიცებულ, მიმდინარე გრანტებსაც დასჭირდება

„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, მთავრობის ნებართვა მიმდინარე გრანტებსაც დასჭირდება.
საკანონმდებლო ცვლილებებით, საქართველოს მთავრობის თანხმობას საჭიროებს იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ გათვალისწინებული გრანტის მიღება, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას.
კანონპროექტით:
· თუ სხვა სახელმწიფოს იურიდიულმა პირმა გრანტი ამ კანონის ამოქმედებამდე მიიღო და ეს გრანტი არ გამოუყენებია, ეს იურიდიული პირი ვალდებულია მიღებული გრანტის გამოყენებაზე თანხმობის მისაღებად კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს მიმართოს. თანხმობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ამ იურიდიულ პირს ეკრძალება მიღებული გრანტის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განსახორციელებლად გამოყენება. მიღებული გრანტის გამოყენება იწვევს სსკ-ის 319(1) მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
· თუ კანონის ამოქმედების მომენტისთვის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის პირს გრანტი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აქვს მიღებული და ეს გრანტი არ გამოუყენებია, ეს პირი ვალდებულია მიღებული გრანტის გამოყენებაზე თანხმობის მისაღებად ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს მიმართოს.
· თუ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირს მიღებული აქვს ისეთი გრანტი, რომელიც გრანტის მიღების დროს თანხმობას არ საჭიროებდა, თუმცა ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ასეთ თანხმობას საჭიროებს, გრანტის მიმღები ვალდებულია, მიღებული გრანტის გამოყენებაზე თანხმობის მისაღებად ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს მიმართოს. კანონის ამოქმედების მომენტიდან თანხმობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ამ იურიდიულ პირს ეკრძალება მიღებული გრანტის გამოყენება. მიღებული გრანტის გამოყენება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
„დღეს მიმდინარე გრანტები, რომელზეც ან ჩუმად შემოიტანეს და თანხმობა არ ჰქონდათ, ან მანამდე შემოსულია… ამ კანონის მიღების შემდეგ ყველა მიმდინარე გრანტის დასადასტურებლად უნდა მიიტანონ ქართველ ხალხთან და მის წარმომადგენელ საქართველოს ხელისუფლებასთან. ყველამ! როგორც ქართულმა ენჯეოებმა, ისე იმ ყალბმა „გამჭვირვალობებმა“ და ასე შემდეგ, ესტონეთში და სხვა ქვეყნებში რომ არიან დარეგისტრირებული, ისე იმ უცხოური ორგანიზაციების დონორების და ფონდების ფილიალებმა საქართველოში. მათი ფულიც საჭიროებს თანხმობას ქართველი ხალხისგან“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში.
ამ ჩანაწერს გამოეხმაურა იურისტი საბა ბრაჭველი. მისი თქმით, ეს მუხლი ახალ ცვლილებებს უკუძალას ანიჭებს:
„კანონპროექტში არის ერთი მუხლი, რომელიც გუშინ ბრიფინგზე არ წაიკითხეს. ეს მუხლი ახალ ცვლილებებს უკუძალას ანიჭებს და ყველა მიმდინარე, თუნდაც ადრე მიღებულ ფულზე/ბენეფიტზე მთავრობისგან ნებართვის მიღების ვალდებულებას ავრცელებს“.
ცნობისთვის, საქართველოს კონსტიტუციით, კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, არ შეიძლება უკუძალა ჰქონდეს.
„არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“, — წერია კონსტიტუციაში.
„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, დაგეგმილია ცვლილებების შეტანა: „გრანტების შესახებ“ კანონში, „სისხლის სამართლის კოდექსში“, „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონში.
„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, ზუსტდება გრანტების განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისათვის, ასევე იმ იურიდიული პირისათვის, რომლის საქმიანობა არსებითად საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას მოიცავს, ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით, ან განზრახვით განხორციელებულ, ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო, ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ, ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური, ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან, ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.
კანონით დგინდება იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის ცნება, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას. განისაზღვრება, რომ ამგვარმა იურიდიულმა პირმა გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეიძლება მიიღოს.
განისაზღვრება, რომ გრანტად აგრეთვე მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით.
თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის წარმომადგენლობა, ფილიალი, განყოფილება გრანტს, მათ შორის, იმ იურიდიული პირისგან იღებს, რომლის ფილიალიც ის არის, ამ ფილიალს გრანტის მისაღებად საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა ესაჭიროება. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ამ ფილიალის მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღება გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას – დაჯარიმებას უკანონოდ მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით.
„გრანტების შესახებ“ კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისი დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან აბაშიძე – მეუფე შიოს ასეთ უპირატესობას არ ველოდით, ალბათ, განმსაზღვრელი მაინც პატრიარქის 8 წლის წინანდელი არჩევანი იყო – სინოდმა გასაქანი არ მისცა საკითხის განხილვას ამ ჭრილში, თუ ვინ არის პროდასავლელი და ვინ პრორუსული