“მზად ვართ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის” | სომხეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი განცხადება

“მზად ვართ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთობლივ განცხადებაშია საუბარი.
განცხადებაში წერია, რომ “სომხეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა იზიარებენ მოსაზრებას, რომ არსებობს ისტორიული შანსი რეგიონში დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის მისაღწევად. ორი ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზად არის ურთიერთობების ნორმალიზებისა და სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევისთვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე”.
მათივე ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია “ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენის მიმართულებით ხელშესახები ნაბიჯების გადადგმის შესახებ”. ცნობილია, რომ აზერბაიჯანი “ჰუმანიზმის ღირებულებებით და კეთილგანწყობის ნიშნად” 32 სომეხ სამხედროს ათავისუფლებს.
თავის მხრივ, სომხეთიც, “ჰუმანიზმის ღირებულებებით და კეთილგანწყობის ჟესტით”, 2 აზერბაიჯანელ სამხედროს გაათავისუფლებს.
“კარგი ჟესტის ნიშნად, სომხეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის წინადადებას – უმასპინძლებს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის 29-ე სესიას (COP29) საკუთარი კანდიდატურის მოხსნით. სომხეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა იმედოვნებენ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის სხვა ქვეყნებიც მხარს დაუჭერენ აზერბაიჯანის მასპინძლობის წინადადებას. კარგი ჟესტის ნიშნად, აზერბაიჯანის რესპუბლიკა მხარს უჭერს სომხეთის კანდიდატურას აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის COP ბიუროს წევრობისთვის. სომხეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა გააგრძელებენ დისკუსიებს ნდობის აღდგენის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით, რომლებიც ეფექტური იქნება უახლოეს მომავალში და მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს მათ ძალისხმევას, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობის ჩამოყალიბებას და დადებით გავლენას მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე”, – წერია ორი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.