ნაძალადევის რაიონში, მე-14 საჯარო სკოლასთან მოსწავლე დაშავდა – მეხუთე კლასელ გოგონას დაზიანებები თავის არეში აღენიშნება. როგორც “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა ჩერქეზიშვილი ამბობს, ბავშვმა დაზიანება სკოლის ნანგრევებზე შემოვლებულ ღობეზე მიიღო.
პოლიტიკოსის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. ოპოზიციონერის ცნობით, სკოლაში უკვე მე-5 წელია, რაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია და ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის.
რაც შეეხება მოზარდის მდგომარეობას, პოლიტიკოსის თქმით, მეხუთე კლასელი მოსწავლე ახლა იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და მკურნალობას გადის. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსმა რამდენიმე წუთის წინ მშობლებთან ერთად ბრიფინგი სწორედ მე-14 სკოლასთან გამართა.
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო გუშინ მეხუთე კლასელმა მოსწავლე გოგონამ, რომელიც სასწრაფომ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. სკოლა მეხუთე სასწავლო წელია, რაც დანგრეულია. ამ სკოლის მოსწავლეები სამარშრუტო ტაქსებით დაჰყავთ ამ სკოლიდან 8 კმ-ით დაშორებულ სკოლაში. იქ ისინი სწავლობენ შეზღუდული საგაკვეთილო დროით.
აქ უსაფრთხოების ნორმები არის დარღვეული. ჩვენ ვაყენებთ “ქართული ოცნების” პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს, რადგან ამ სკოლის შესახებ მიწოდებული აქვთ ინფორმაცია”, – განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.




