მე წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს წინსვლისთვის – საქართველო ერთგულია ევროკავშირში გაწევრიანების გზის

მე წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს წინსვლისთვის – საქართველო ერთგულია ევროკავშირში გაწევრიანების გზის
დღესდღეობით, როდესაც ევროპა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ფედერალიზმისა და ეროვნული სუვერენიტეტის თაობაზე დებატები კონცენტრირებული უნდა იყოს ინტეგრაციის სიკეთეების მაქსიმიზაციაზე და, ამავდროულად, წევრი ქვეყნების ავტონომიისა და ტრადიციების პატივისცემაზე, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, ბუდაპეშტში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროდ ევროკავშირის ზოგიერთი სტრუქტურის მხრიდან ვხედავთ ტენდენციას, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, ელაპარაკოს დირექტივებით.
მისი განცხადებით, საქართველო ერთგულია ევროკავშირში გაწევრიანების გზის.
„ევროპული კავშირის ცენტრალური სტრუქტურების ზედმეტმა გაძლიერებამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც საუკეთესოდ გამოხატავს თითოეული ქვეყნის უნიკალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ასპექტებს. საქართველო ერთგულია ევროკავშირში გაწევრიანების გზის. მე წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს წინსვლისთვის. ამავდროულად, პარლამენტის გადმოსახედიდან, ჩვენ ევროპული ინსტიტუტების მხრიდან გაუგებარი მოპყრობის მომსწრენი გავხდით. სამწუხაროდ ევროკავშირის ზოგიერთი სტრუქტურის მხრიდან ვხედავთ ტენდენციას, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, ელაპარაკოს დირექტივებით, დაუწესოს ვალდებულებები უფლებების მინიჭების გარეშე. ვალდებულებების ქონა ხმის უფლების გარეშე, განსაკუთრებით ევროკავშირის იმ ინსტიტუტებში, სადაც საქართველო ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი, არ შეესაბამება დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპს, რომელზეც დგას ევროკავშირი.
ევროკავშირის ცენტრალიზებული სტრუქტურა ზოგჯერ ისეთ პირობებს აწესებს, რომელზეც თავად ევროკავშირი ვერ თანხმდება. ამ პრაქტიკის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენდა საქართველოსადმი მოთხოვნა, შეექმნა მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების ექსტრაორდინალური სისტემა, რომელიც „ვეტინგის“ სახელითაა ცნობილი და უცხოელი აქტორების მიერ უნდა ყოფილიყო განხორციელებული. ეს სისტემა, დანერგვის შემთხვევაში, შეეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის მთავარ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ძალაუფლება ხალხისგან მომდინარეობს. გამოდიოდა, რომ ხელისუფლების მთლიანი შტო დაკომპლექტდებოდა უცხოელი აქტორების მიერ, რაც ეროვნული სუვერენიტეტის არსს ეწინააღმდეგება. მეეჭვება, რომ ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფო თავის სუვერენიტეტში ასეთ ჩარევას დაუშვებდა,” – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ერი-სახელმწიფოების საზოგადოებაში, პატარა ქვეყნების ხმა ისევე უნდა ისმოდეს, როგორც სხვა დანარჩენის, რადგან სიმართლე მხოლოდ რაოდენობით არ იზომება.
„დემოკრატია გულისხმობს მსჯელობას, და არა იძულებით თავსმოხვევას. კონსენსუსი უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების კოლექტიურად მიღებას, ყველა წევრი სახელმწიფოსა და პარტნიორის ინტერესებისა და გამოწვევების პატივისცემის საფუძველზე. ეს, ასევე, ნიშნავს ევროპას, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება არა მხოლოდ ცენტრალიზებულ ორგანოებში, რომლებიც პირდაპირი წესით არ არიან არჩეულნი, არამედ უფრო და უფრო ახლოს ხალხთან.
ამ მხრივ, კარგი იქნებოდა, უფრო კრიტიკული თვალით შეგვეხედა მიმდინარე დისკუსიისთვის, რომელიც მიზნად ისახავს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პრინციპის შეცვლას უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების პრინციპით. ერი-სახელმწიფოების საზოგადოებაში, პატარა ქვეყნების ხმა ისევე უნდა ისმოდეს, როგორც სხვა დანარჩენის, რადგან სიმართლე მხოლოდ რაოდენობით არ იზომება”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით