მეუფე შიო: სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ჩვენი შვილები სრულწლოვანების მიღწევამდე ტოვებენ ეკლესიას, რატომ ხდება ეს? – იმიტომ, რომ ჩვენ, უფროსებმა, მშობლებმა, ვერ დავაყენეთ ისინი ამ გზაზე

მეუფე შიო: სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ჩვენი შვილები სრულწლოვანების მიღწევამდე ტოვებენ ეკლესიას, რატომ ხდება ეს? – იმიტომ, რომ ჩვენ, უფროსებმა, მშობლებმა, ვერ დავაყენეთ ისინი ამ გზაზე
ეს დღესასწაული არის შეხვედრების დღესასწაული… მაცხოვარი სწორედ ამისთვის მოვიდა დედამიწაზე, რომ ყოველ ჩვენგანს შეხვდეს.. მას სურს ყოველ ჩვენგანთან შეხვედრა და გვაძლევს კიდეც ამის შესაძლებლობას ეკლესიაში, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ (მუჯირი) მირქმის დღესასწაულზე სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ მირქმის დიდებულ დღესასწაულს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ -ის მოლოცვას, ლოცვა-კურთხევას.
ამ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ უფალი იესო ქრისტეს შობიდან მე-40 დღეს, როდესაც წმინდა იოსებ დამწინდველმა და ყოვლადწმინდა ქალწულმა მარიამმა მიიყვანეს ჩვილი იესო ტაძარში, რომ წარედგინათ ღვთის წინაშე და რჯულის მიხედვით დადგენილი წესისამებრ შესაწირავი შეეწირათ ღვთისთვის. იქ მათ დახვდათ მხცოვანი მართალი სვიმეონ მიმრქმელი, სულიწმიდისგან შთაგონებული ადამიანი, ასევე – ანა წინასწარმეტყველი, იმჟამინდელი ებრაელი ერის საუკეთესო ადამიანები, ძველი აღთქმის წარმომადგენლები.
როგორც იცით, სვიმეონს აუწყა სულიწმიდამ, რომ იგი თავის გარდაცვალებამდე მოესწრებოდა მესიის ხილვას. მას მერე ეს მოლოდინი მთავარი მიზანი გახდა მისი ცხოვრებისა. რა თქმა უნდა, ეს გამძაფრებული მოლოდინი ღმერთმაც არ დატოვა თავისი საღვთო ყურადღების გარეშე და მან იცნო ჩვილ იესოში მხსნელი სოფლისა. აიყვანა ხელში, მიიხუტა და ეს შესანიშნავი ლოცვა წარმოთქვა, რომელსაც ჩვენ დღემდე ვიმეორებთ: „აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარება შენი“. ე.ი. ვინაიდან მე ჩემი თვალით ვიხილე მხსნელი სოფლისა, ამიერიდან შემიძლია მშვიდობით შევეგებო სიკვდილს.
ეს დღესასწაული არის შეხვედრების დღესასწაული, სვიმეონის შეხვედრისა უფალთან, ძველი აღთქმის შეხვედრისა ახალ აღთქმასთან, ადამიანისა – ღმერთთან და ასევე, ჩვენი – შეხვედრისა უფალ იესო ქრისტესთან. მაცხოვარი სწორედ ამისთვის მოვიდა დედამიწაზე, რომ ყოველ ჩვენგანს შეხვდეს, მან ეს ინება, მას სურს ყოველ ჩვენგანთან შეხვედრა და გვაძლევს კიდეც ამის შესაძლებლობას ეკლესიაში. ამიტომაც მთავარი აზრი სულიერი ცხოვრებისა ამ შეხვედრისკენ უნდა იყოს მიმართული.
ეს ჩვენს შვილებსაც უნდა ვასწავლოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ჩვენი შვილები სრულწლოვანების მიღწევამდე ტოვებენ ხოლმე ეკლესიას. საკმაოდ ხშირია ეს შემთხვევა. რატომ ხდება ეს? – იმიტომ, რომ ჩვენ, უფროსებმა, მშობლებმა, ვერ დავაყენეთ ისინი ამ გზაზე, ვერ შევძელით მოგვეთხრო, თუ როგორ მოხდა ჩვენში, ჩვენს პირად სულიერ ცხოვრებაში ქრისტესთან შეხვედრა საიმისოდ, რომ მათ შემდეგ, როგორც სვიმეონ მიმრქმელს, გასჩენოდათ ეს ძლიერი სწრაფვა და მოლოდინი ღმერთთან შეხვედრისა.
ჩვენ შვილებს, ბავშვებს, ძალიან ბევრი საცდური აქვთ ამ ცხოვრებაში, მოყოლებული ჩვილობის ასაკიდან, მათი მთავარი აზრი და სიტყვა რა არის? ეს არის „მინდა“. ეს ათასგვარი სურვილი, რომელიც მათ იპყრობს თვალით ნანახის თუ გაგონილის მეშვეობით, თუ სხვადასხვა ვნების საშუალებით, შურის, ვერცხლისმოყვარეობის თუ ამქვეყნიური წარმატების სურვილის და ა.შ. მეშვეობით, ავიწყებს მათ და აშორებს მთავარ ღირებულებას, მთავარ სურვილს, რომ უნდოდეთ ქრისტესთან შეხვედრა, მიისწრაფოდნენ მთელი თავისი გულით ამისკენ.
ისე გამოდის, რომ ადამიანი ბავშვობიდან მოყოლებული ისრულებს ხოლმე თავის გარკვეულ სანუკვარ სურვილებს, ამას ახმარს წლებს, ზოგჯერ ათწლეულებსაც, მაგრამ ამას აღწევს. მაგრამ რაც არის მთავარი, ის რჩება მისი ყურადღების მიღმა. ეს არის შეხვედრა ქრისტესთან. თუ ადამიანი ვერ შეხვდა უფალს ამ ცხოვრებაში, მაშინ მისი ცხოვრებაც ფუჭია, ამაოა, ცარიელია, უმადლოა და არავის სჭირდება, იმიტომ რომ მთავარი დანიშნულება, რომელიც, ვიმეორებ, ადამიანმა უნდა შეასრულოს, ეს არის შეხვედრა ქრისტესთან. და როდესაც ეს შეხვედრა მოხდება, უნდა შეიყვაროს მაცხოვარი და სამუდამოდ დარჩეს მასთან მარადისობაში. აი, ეს არის მიზანი სულიერი ცხოვრებისა. ეს უნდა შევძლოთ ჩვენც, უნდა ვისწრაფოთ ამისკენ და ჩვენს შვილებსაც ეს უნდა ვასწავლოთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელ დღესასწაულს. მინდა თქვენთან ერთად, მეუფეო, ძვირფასო ძმებო და დებო, მივულოცო ეს დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს. ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს, რომ გვყავს ასეთი სულიერი წინამძღოლი, რომლის მთელი ცხოვრებაც და მოღვაწეობაც არის ნათელი მაგალითი სწორედ ქრისტესთან შეხვედრისკენ სწრაფვისა. მიმადლოს უფალმა მას დღეგრძელობა და ჯანმრთელობა მრავალჟამიერ.
ვევედროთ უფალს დღეს, რომ შეგვაძლებინოს, ღირსებით განვლოთ ჩვენი მიწიერი ცხოვრების გზა, მშვიდობით წარმოვთქვათ ჩვენი „აწ განუტევე“ და როდესაც წარვდგებით უფლის წინაშე, ვეღირსოთ მისგან მოწყალე სიტყვებს: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ თქვენთვის გამზადებული სასუფეველი დასაბამითგან სოფლისა, ამინ!“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ასევე დაგაინტერესებთ

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მოვუწოდებდი, როგორც აფასებს საქართველოს, ასეთივე შეფასებები გააკეთოს, როდესაც მიტინგები იმართება აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, სადაც გაცილებით მკაცრია პოლიციის ქმედებები

ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს აქვს პირველი 11 წლიანი პერიოდი, როდესაც არის მშვიდობა და დაცულია უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს ოკუპაციას და რეგიონში არის უმძიმესი ომი უკრაინის წინააღმდეგ

ემოციების ამარა ქვეყნის მომავლის დატოვება და სახელმწიფო უსაფრთხოების მხოლოდ “პარტნიორმეგობრობაზე” მინდობა არასერიოზული და სახიფათოა. ასეთი ნდობისა და დამოკიდებულების შედეგი უკვე ვიხილეთ უკრაინაში