მეუფე შიო გელათზე – გამოჩნდა დიდი ცოდნა და პროფესიონალიზმი როგორც უცხოელი მრჩევლების, ისე ქართველი მეცნიერების, კრიზისიდან გამოსვლის დიდი მაგალითი უკვე ჩანს – ასევე გამოჩნდა, რომ ჩვენი ყველაზე სანუკვარი პაციენტი, დაზიანებული ძეგლი, საიმედო ხელშია

დღეს, გამოჩნდა არა მხოლოდ დიდი ცოდნა და პროფესიონალიზმი, არამედ გამოჩნდა საოცრად სათუთი, გულითადი და მოსიყვარულე დამოკიდებულება საქმისადმი, კერძოდ, გელათის მონასტრისადმი, მისი რეაბილიტაციის პროცესისადმი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ორწლიანი საქმიანობისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გელათის რეაბილიტაციისთვის ბევრი რამ გაკეთდა, რომელიც კონფერენციის განმავლობაში კარგად გამოჩნდა.
„ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლები მოვისმინეთ. შეიძლება ითქვას, რომ გამოჩნდა არა მხოლოდ დიდი ცოდნა და პროფესიონალიზმი როგორც ჩვენი უცხოელი სტუმრებისა და მრჩევლებისა, ასევე ჩვენი ქართველი მეცნიერებისა (ეს უდავოდ ასეა. ჩვენ ვიცით, რომ ეს სახელმოხვეჭილი და დიდებული მეცნიერები ბრძანდებიან), მაგრამ განსაკუთრებით გვახარებს, რომ გამოჩნდა მათი საოცრად სათუთი, გულითადი და მოსიყვარულე დამოკიდებულება საქმისადმი, კერძოდ, გელათის მონასტრისადმი, მისი რეაბილიტაციის პროცესისადმი.
ძვირფასო მეცნიერებო, გამომსვლელებო, დღეს გვიჩვენეთ მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს დიდი მეცნიერი, დიდი პროფესიონალი და ცოდნა, შერწყმული საქმისადმი დიდ სიყვარულთან. ეს არის დიდი მაგალითი ჩვენთვის, ყველასთვის, განსაკუთრებით – ახალგაზრდებისთვის.
კრიზისიდან გამოსვლის დიდი მაგალითი უკვე ჩნდება და ჩანს, მაგრამ აქ ასევე არაერთხელ გაჟღერდა პაციენტისა და მკურნალის მაგალითი, როგორც გელათის ძეგლისა. საერთოდ, ასე ვთქვათ, დაზიანებული ძეგლის მეტაფორა, როგორც პაციენტისა.
ჩემი დღევანდელი გამოსვლის დასაწყისში ვთქვი, რომ აუცილებლად დავრწმუნდებით, რა დიდი შრომა ჩაიდო და რამდენი რამ გაკეთდა ამ ორ წელიწადში. მგონი, სავსებით დავრწმუნდით ყველანი ამაში და დღევანდელმა დღემ გამოაჩინა, რომ ეს ჩვენი ყველაზე სანუკვარი, საყვარელი და ძვირფასი პაციენტი (რა თქმა უნდა, ყველა პაციენტი ექიმისთვის ძვირფასია, მაგრამ არის ხოლმე ისეთი პაციენტი, ან შენი ოჯახის წევრი, ან შენი შვილი, რომელზეც განსაკუთრებით შეგტკივა გული. მე დავინახე ყველა ჩვენგანში ეს დამოკიდებულება), დღეს შეიძლება ვთქვათ, არის საიმედო ექიმების ხელში.
თუ გავაგრძელებთ ასეთი გონიერებით, ასეთი რუდუნებით და ასეთი სიყვარულით ამ პროცესს, ღმერთს ეს უხარია და აუცილებლად შეგვეწევა. ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ღვთისმშობელი შეგვეწევა, დავით აღმაშენებელი შეგვეწევა და ჩვენ მოვესწრებით შესანიშნავად და წარმატებით დასრულებას ამ საქმისა, ჩვენი მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებას და კიდევ მრავალ, მრავალ სიკეთეს საქართველოსთვის და ამ ჩვენი საოცარი, დიდი ქართული ისტორიული მემკვიდრეობისთვის“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?