მერიამ წერეთლის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება 4 კომპანიასთან გააფორმა

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის მიზნით ამ დროისთვის ოთხ კომპანიასთან არის ხელშეკრულება გაფორმებული.
„ენკო”, „პარმა”, „ჯეო გრუპი” და „ბლექ სი გრუპი”, ბენდელიანის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოებში უკვე ჩაერთნენ.
„გუშინ გითხარით, რომ მიმდინარეობდა ბაზრის კვლევის ეტაპი. დოკუმენტაცია გადაეგზავნა რამდენიმე კომპანიას, აქედან ოთხმა კომპანიამ გამოთქვა მზაობა, რომ წერეთლის სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობა მიეღო. გავიარეთ ოთხი კომპანიის დოკუმენტაცია და ამ წუთის მდგომარეობით, ხელშეკრულება გაფორმებულია ამ 4 კომპანიასთან“, — განაცხადა ბენდელიანმა.
ტელეკომპანია „პირველმა“ ჯერ კიდევ გუშინ, 16 იანვარს, მერიის მიერ ახალი კომპანიების დასახელებამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხელშეკრულება გაფორმდა შპს „პარმასთან“, რომლის დამფუძნებელიც ს მეგობარი დავით თოფურიაა. ტელეკომპანიის ცნობით, გუშინვე წერეთლის გამზირზე ჩაწერეს „პარმას“ მუშები, რომელთა თქმითაც, პირველი სამუშაო დღე ჰქონდათ.
„არ ვიცი, გუშინ ვინ ჩაწერეთ. კონკრეტული პიროვნება თუ გუშინ გამოვიდა, იმას ნიშნავს, რომ [აქამდე] არ უმუშავიათ ამ კომპანიის წარმომადგენლებს“, — აცხადებს ირაკლი ბენდელიანი, რომლის თქმითაც, „პარმა“ წერეთლის გამზირზე დეკემბრის დასაწყისიდან მუშაობს, ტროტუარების მოწესრიგების ნაწილში.
წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის 19 აპრილს დაიწყო და ბოლო ინფორმაციით, 2024 წლის იანვრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. 16 იანვარს კი ცნობილი გახდა, რომ მერიამ წერეთლის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებს კონტრაქტი გაუწყვიტა. წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების მიზნით ახალი კომპანიის გამოსავლენად მერიამ 17 704 253 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც 15 იანვრით თარიღდება, ნათქვამია, რომ სამუშაოების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით. მერიის ცნობით, ამ ვადაში უნდა დასრულდეს საგზაო სამუშაოები და მოძრაობა ორმხრივად გაიხსნას. მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანის ცნობით, დამატებით თვე-ნახევარი შეიძლება დასჭირდეს დარჩენილ სამუშაოებს, როგორიცაა ტროტუარების, ავტობუსების მოსაცდელისა თუ გარე განათებების მოწყობა.