მეორე დღეა რუსეთიდან იუწყებიან დრონებით მასირებული შეტევის შესახებ

22 მაისს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო რუსეთის ტულის, როსტოვის და მოსკოვის ოლქებში. ადგილობრივი ხელისუფლება უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყება.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, საჰაერო თავდაცვამ დილის ექვს საათამდე მოიგერია საერთო ჯამში, 29 დრონი.
დროებით დახურეს მოსკოვის ვნუკოვოს, დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტები. მუშაობა შეაჩერეს ვლადიმირის, კალუგის, ტამბოვის და ივანოვოს აეროპორტებმაც.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დრონებით შეტევა იყო როსტოვის ოლქის ქალაქ კამენსკზეც. მსხვერლის და ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან.
რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, ათამდე აფეთქება იყო ქალაქ ტულაში. ტულის ოლქის გუბერნატორ დმიტრი მილიაევის ცნობით, საჰაერო თავდაცვამ დრონებით შეტევა მოიგერია.
დრონებით შეტევა იყო ტულის ოლქის ქალაქ ნოვომოსკოვსკზეც, სადაც ქიმიური ქარხანა და კიდევ რამდენიმე საწარმო მდებარეობს.
რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა იყო 21 მაისსაც. დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 140-ზე მეტი დრონის განადგურებას იუწყებოდა, დღის ბოლოს კი – კიდევ 77-ის.
21 მაისს, დრონებით შეტევის შედეგად დაზიანდა ორიოლის ოლქის ქალაქ ბოლხოვში მდებარე ნახევარგამტარი მოწყობილობების ქარხანა.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა