მეზობლების ინფორმაციით, 17 წლის გოგონა მუქარით ხსნის იმას, რომ მამისგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, სკოლის დირექტორი კი აცხადებს, რომ ბავშვისთვის ცვლილებები არ შეუმჩნევიათ და გოგონას სასკოლო ცხოვრებაში მამაც აქტიურად მონაწილეობდა

დასავლეთ საქართველოში 17 წლის მოზარდის მამის მიერ გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, გოგონამ ნაადრევად იმშობიარა, რის შემდეგაც ნაყოფი, სავარაუდოდ, დაიღუპა, მოზარდმა კი კლინიკა დღეს დატოვა.
როგორც ადგილობრივმა „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, გოგონა საავადმყოფოში გამოკითხეს.
„იქ მოყვა, რომ მას ორი წლის განმავლობაში აუპატიურებდა მამა. სადმე თუ იტყვი, ყველას დავხოცავო, ემუქრებოდა ბავშვს“,- განუცხადა გოგონას თანასოფლელმა „რადიო თავისუფლებას“.
გარდა ამისა, ვრცელდება სკოლის დირექტორის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ მოზარდმა სკოლა გასულ წელს დაამთავრა და მისთვის არასდროს შეუმჩნევიათ, რომ ის შესაძლოა, ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. მისივე თქმით, შვილის სასკოლო ცხოვრებაში დედასთან ერთად, მამა აქტიურად იყო ჩართული.
„საახალწლო ზეიმზეც იყო სკოლაში მოსული. ვისაუბრეთ კიდეც, მისთვის არ შეგვიტყვია არაფერი, ჩვენთვისაც შოკი იყო ეს ამბავი. ბოლო წლების განმავლობაში ბავშვისთვის არანაირი განსაკუთრებული ცვლილება არ შეგვიმჩნევია. არავის მოუტანია ამბავი, რომ ოჯახში რაიმე პრობლემა ჰქონდა, ან ძალადობის მსხვერპლი იყო. კარგი მოსწავლე იყო. ეროვნული გამოცდებისთვისაც ემზადებოდა, მაგრამ წელს ჩაბარება გადაიფიქრა, ინგლისურში დამატებით უნდა მოვემზადოო. ახლო მეგობრები ჰყავდა, 24 საათი ერთად იყვნენ და არავის შეუმჩნევია მასში რადიკალური ცვლილება“,- განუცხადა სკოლის დირექტორმა „რადიო თავისუფლებას“.
ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოში, 17 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს