საქართველოში მევენახეობის სახელმწიფო პოლიტიკა ყურძნის წარმოების მოცულობის ზრდის ნაცვლად ხარისხის გაუმჯობესებაზე უნდა იყოს მიმართული ,- ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორმა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გოჩა ცოფურაშვილმა, „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.მისი შეფასებით, საქართველოში ბოლო წლებში ყურძნის წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაშინ როდესაც გლობალურად ღვინოზე მოთხოვნა მცირდება. ცოფურაშვილის თქმით, შექმნილი ვითარების ერთ-ერთი შედეგი ჭარბი ყურძნის სპირტის წარმოებაში გამოყენებაა.ცოფურაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ ღვინის სექტორში რაოდენობის ზრდის ნაცვლად საშუალო და მაღალი სეგმენტის განვითარებაზე უნდა გააკეთოს აქცენტი, რადგან ქვეყანას შეზღუდული მიკროზონები და ღვინის წარმოების განსაკუთრებული ტრადიციები აქვს.მისივე განცხადებით, ბოლო წლებში ყურადღება ნაკლებად დაეთმო ხარისხის კონტროლს, ტექნოლოგიურ პროცესებსა და პროდუქციის მიკვლევადობას, პარალელურად კი გაიზარდა წარმოებაში ინვესტიციები იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო ბაზარზე ღვინოზე მოთხოვნის შემცირების ტენდენცია შეინიშნება.ცოფურაშვილის თქმით, ყურძნის წარმოების ზრდამ ჭარბი ნედლეულის პრობლემა შექმნა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილის გამოყენება სპირტის, მათ შორის კონიაკის სპირტის, დასამზადებლად ხდება.ყოფილი მინისტრის მოადგილე სახელმწიფოს მიერ ყურძნის შესყიდვის პოლიტიკასაც აკრიტიკებს. მისი ინფორმაციით, გასულ წელს სახელმწიფომ ყურძნის მთლიანი მოსავლის 48%-ზე მეტი შეისყიდა, რისთვისაც დაახლოებით 247 მილიონი ლარი დაიხარჯა.ცოფურაშვილის შეფასებით, პრობლემის მოგვარება მხოლოდ ყურძნისთვის განსხვავებული ფასების დაწესებით ვერ მოხერხდება და სახელმწიფოს წინასწარ განსაზღვრული, მკაფიო წესები და პასუხისმგებლობის განაწილების მექანიზმი უნდა ჰქონდეს.„მისი თქმით, როცა სახელმწიფო გადაწყვეტილებას იღებს, აუცილებელია, წინასწარ შეფასდეს, რა შედეგებს გამოიწვევს ეს გადაწყვეტილება და როგორ განვითარდება პროცესები პრაქტიკაში. ამასთან, მისი შეფასებით, სისტემაში პასუხისმგებლობა როგორც სახელმწიფოს, ისე მევენახეების მხარეს უნდა არსებობდეს.შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის რთველის პერიოდში ჭარბი მოსავლის შემთხვევაში სახელმწიფომ ყურძნის შესყიდვისთვის სამი განსხვავებული ფასი განსაზღვრა, რომელთა ოდენობა ყურძნის შაქრიანობის მაჩვენებელზე იყო დამოკიდებული. თავდაპირველად ყველაზე დაბალი ფასი კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენდა.აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კახეთში მევენახეების ნაწილის პროტესტი გამოიწვია. მათი განცხადებით, 30 თეთრად ყურძნის ჩაბარება წარმოების ხარჯებსაც ვერ ფარავდა. მოგვიანებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველის პროცესში შეიცვალა როგორც ყურძნის ჩაბარების ფასი, ისე ხარისხის მოთხოვნები.
