მედია: 4 მოსამართლე წინააღმდეგია მათი ქონებრივი მდგომარეობა ანტიკორუფციულმა ბიურომ შეაფასოს
ოთხმა მოსამართლემ, რომელიც დამოუკიდებელმა კომისიამ „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის“ გამო შეარჩია, წინააღმდეგია მათი ქონებრივი მდგომარეობა „ანტიკორუფციულმა ბიურომ“ შეამოწმოს. მოსამართლეებმა მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს გაუქმდეს ის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ისინი დამოუკიდებელმა კომისიამ შესამოწმებელ 300 საჯარო მოხელეს შორის შეარჩია.
დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ ეს ოთხი მოსამართლე ითხოვს მათი დეკლარაციების შემოწმებაზე მიღებული დოკუმენტის ბათილად ცნობას, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) აქვეყნებს.
- ვასილ მშვენიერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდოამრეა;
- მიხეილ ჩინჩალაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდოამრე.
- ლევან მურუსიძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
- სერგო მეთოფიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარე.
იმ შემთხვევში, თუ საქართველოს ხელისუფლება დათანხმდება ევროკავშირისგან გაცემული მე-6 პირობის შესრულებას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებაზე, ამ ოთხიდან სამი მოსამართლე დაექვემდებარება ამ წესით შემოწმებას.
მოსამართლეთა დიდი ნაწილი და მმართველი პარტიაც ე.წ. ვეტინგის წინააღმდეგია.
მასალა განახლდება
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.